კონსტანტინე პატრიკიოსის მისია ტაო-კლარჯეთში

კონსტანტინე პატრიკიოსის მისია ტაო-კლარჯეთში, ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ ლაკაპინის (920–944) მიერ ტაო-კლარჯეთში გამოგზავნილი სპეციალური ელჩობა, რ-საც გახმაურებული დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა; 923 ახლო ხანებში, ადარნასე „ქართუელთა“ მეფისა და კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, აშოტ პატრიკიოსმა (მეტსახელად „კისკასი“), თავის სიძესთან – გურგენთან მტრობის ნიადაგზე, არტანუჯის ციხის ბიზანტიის იმპერატორისათვის გადაცემა გადაწყვიტა. იმპერატორმა მოიწონა აშოტ კისკასის ეს გადაწყვეტილება და მისი ასრულების მიზნით სათანადო განკარგულებაც გადასცა თავის დიპლომატ. წარმომადგენელს – კონსტანტინე პატრიკიოსს. მან ზუსტად შეასრულა იმპერატორის განკარგულება და არტანუჯის ციხეზე დროშა ააფრიალა. ამ აქტმა ბაგრატიონთა სახლის სხვა წარმომადგენლების – გურგენ და დავით მაგისტროსების მძაფრი პროტესტი გამოიწვია. მათ იმპერატორისაგან არტანუჯის დაუყოვნებლივ დათმობა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტანტინოპოლისაგან სრული განდგომითა და სარკინოზების მხარეზე გადასვლით იმუქრებოდნენ. იმპერატორმა მათი სარკინოზებზე მიკედლების შიშით უარყო განკარგულება და ყველაფერი დიპლ. მისიის ხელმძღვანელის „უჭკუობას“ გადააბრალა. მან ქართველ ბაგრატიონთა დასამშვიდებლად კონსტანტინე პატრიკიოსს „ლანძღვა-გინებისა და მუქარის შემცველი“ ბრძანებაც კი გაუგზავნა და დაუყოვნებლივ გაიწვია საქართველოდან.

ლიტ.: კოპალიანი ვ., საქართველოს და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970–1070 წლებში, თბ., 1969; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, ტ. 1, თბ., 1997; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).