კონსტრუქტივიზმი

კონსტრუქტივიზმი. ყოფილი "ზარია ვოსტოკას" რედაქციის შენობა. თბილისი.

კონსტრუქტივიზმი (constructio – აგება, სტრუქტურა), ავანგარდული მიმართულება XX ს. 20- იანი წლების საბჭ. ხელოვნებასა (არქიტექტურა, თეატრალურ-დეკორაციული, პლაკატისა და წიგნის მხატვრული გაფორმება, მხატვრული კონსტრუირება, ფოტოგრაფია) და ლიტერატურაში. სავარაუდოდ ჩაისახა 1914. კონსტრუქტივისტების პირველი ორგანიზაცია აღმოცენდა 1921 სამხატვრო კულტურის ინ-ტში („ინხუკი“). კ-ის მიმდევრები მიზნად ისახავდნენ გარემოს „კონსტრუირებას“, ცდილობდნენ ახ. ტექ. შესაძლებლობების მიგნებას, რათა შეექმნათ ახალი ფორმები ლითონის, ხის, მინისა და სხვ. მასალათა ესთეტ. თვისებების გამოყენებით. არქიტექტურაში კონსტრუქტივისტები ეძებდნენ პროექტირების ახალ გზებსა და პრინციპებს. 1925 შეიქმნა მათი შემოქმედებითი ორგანიზაცია, რ-ის ბეჭდვითი ორგანო იყო ჟურნ. „სოვრემენნაია არხიტეკტურა“ (1926–30). უცხოეთის პლასტ. ხელოვნებაში ტერმ. „კ. პირობითია: ის არქიტექტურაში ფუნქციონალიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, ფერწერასა და ქანდაკებაში – ავანგარდისტული მიმართულების ერთ-ერთი ფორმა.

საქართველოში ქართული არქიტ. განვითარების ახალ ეტაპზე (1921–32) ორი შემოქმედებითი მიმართულება გამოიკვეთა – თანამედროვე არქიტექტურაში ქართული ისტ. ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის მოტივების გამოყენება (როგორც მაშინ ამბობდნენ, „ქართული სტილის“ შექმნა) და კ-ის არქიტ. პრინციპების შეთვისება. XX ს. 20-იანი წლების ბოლოს ქართული არქიტექტურა კ-ის გავლენის ქვეშ მოექცა, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალური – გარეგნული ფორმებით გამოვლინდა და დამოუკიდებელი სახე არ მიუღია. ამავე დროს იყო მცდელობა, შეეხამებინათ მასთან ეროვნ. ტრადიციული არქიტექტ. ელემენტები, რამაც შენობებს გარკვეული ინდივიდუალურობა მიანიჭა. კ-მა გარკვეული როლი შეასრულა ქართ. გრაფ. განვითარებაში (პლაკატი, წიგნი, თეატრი, დეკორ. ხელოვნება).

მიჩნეულია, რომ ლიტერატურაში კ. ფუტურისტული იდეების რეალისტური მოდელირებაა. მას განიხილავენ რაციონალური ხელოვნების ახალ სახედ, რ-შიც შეერთებულია რევ. პათეტიკა და ურბანული მსოფლმხედველობა. კ-ში განსაკუთრებულად გამძაფრდა სიტყვის ფუნქცია; ლექსის გააზრება, სტილი შეცვალა კონსტრუქციამ, პოეზიაში შემოვიდა პროზა, გრაფ. ნიშნები, ჟარგონი, დიალექტიზმები.

ქართულ სინამდვილეში XX ს. 20-იან წლებში კ-მა სერიოზული გავლენა იქონია საბჭ. პოეზიაზე. როგორც „ლერფის“, ისე „H2SO4- ის“ აზრით, შემოქმედი არის სინამდვილის რეჟისორი, ანუ კონსტრუქტორი, რ-იც არ იზღუდება მასალის ორგანიზებით. მას შეუძლია რეალობის გარდაქმნა-ესთეტიზაცია, ინდუსტრიული ყოფისა და ადამიანური ურთიერთობების მოწესრიგება-მოდელირება კომუნისტური თვალთახედვით.

კ. გულისხმობდა აბსტრაქციასაც. ამ მხრივ საინტერესოა ბ. ჟღენტის ოთხნაწილიანი „პლასტო პოემა“ („ლიტერატურა და სხვ“.). კ-ისა და დადაიზმის ნაერთია ბ. აბულაძის „ტფილისის მზეზე“, მაგრამ ყველაზე საინტერესოდ კ. მაინც ს. ჩიქოვანის პოეზიაში გამოვლინდა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი პოემები: „ფიქრები მტკვრის პირას“, „ბედი და რესპუბლიკა“, „ჩემი დანაშაული“ და სხვ.

ლიტ.: სიგუა ს., ლიტერატურა და ტრადიციის ბარიერი, თბ., 1988.

თ. გერსამია