კონტარინი (Contarini) ამბროჯო (1429, – 1499, ვენეცია), ვენეციელი დიპლომატი და მოგზაური. 1474 თებ. დიპლ. მისიით გაგზავნეს უზუნ–ჰასანთან. თავრიზს მიმავალი კ. იმავე წლის 29 ივნისს ჩავიდა ბათუმში, შემდეგ გაიარა ფოთი, სამტრედია, ქუთაისი, სკანდე, გორიდან გადაუხვია სამხრ-კენ და 4 აგვისტოს მივიდა თავრიზში; 1475 წ. 28 ივნისს კ. კვლავ „ფასისის გზით“ დაბრუნდა და თბილისზე გავლით ჩავიდა ფოთში, საიდანაც ისევ თბილისისაკენ მოუხდა მობრუნება. 1477 წ. 10 აპრილს კი ვენეციაში გაემგზავრა.
კ-მ თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილება აღწერა დღიურებში, რ-ებიც 1487 გამოაქვეყნა სათაურით „მოგზაურობა სპარსეთში“. მასში მრავალი საინტერესო ცნობა გვხვდება ბათუმის, ფოთის, გორის, თბილისის, ლორეს და სხვათა შესახებ. ი. ბარბაროს „მოგზაურობასთან“ ერთად წარმოადგენს მნიშვნელოვან ნარატიული ხასიათის წყაროს XV ს. 70-იანი წლების საქართველოს ეკონ. და პოლიტ. მდგომარეობის შესასწავლად. საქართვ. ისტორიის მკვლევრებმა ამ თხზულებას ყურადღება მიაქციეს ჯერ კიდევ XIX ს-ში (გ. ყაზბეგი, ა. ჭყონია).
თხზ.: Ambasciatore di Vensetia ad Ussuncassan Re di Persia. Per Anibale Pesco, Parmigiano, Venetia, 1487.
ლიტ.: იტალიელი მოგზაურები საქართველოში XV საუკუნეში; იოსაფა ბარბარო და ამბროზიო კონტარინი; იტალიურიდან თარგმნა ალ. ჭყონიამ; „მოამბე“, 1894, №11; მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV საუკუნის მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში (ევროპული წყაროების მიხედვით), თბ., 1981; Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. по Кавказу, Тфл. 1935.
ც. ყიფიანი
ე. მამისთვალიშვილი