კონტრიძე ნესტორ ეგნატეს ძე (1854, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 1932, იქვე), სასულიერო პირი, მგალობელი, ლოტბარი. დაიბადა მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. ჰქონდა უბადლო ხმა, განსაკუთრებული ბანი. ბავშვობაში მ. ნაკაშიძესთან ერთად აღმოჩნდა იმ ცხრა ყმაწვილს შორის, რ-ებიც ბერმა ბ. ბარკალაიამ საეკლ. გალობის შესასწავლად ათონის მთაზე გაგზავნა. 1878 კ. მ. ნაკაშიძესთან, მ. ჩხატარაშვილთან და ი. ხავთასთან ერთად ძველი საგალობლების ნოტებზე ჩასაწერად გურიიდან თბილისში მიიწვიეს. 1882 მათ ფ. ქორიძის დახმარებით გურული კილოს საგალობლები ნოტებზე გადაიტანეს. 1982–83 საეკლ. გალობას ასწავლიდა თბილ. რეალურ სასწავლებელში, 1885–89 – თბილ. სას. სემინარიაში. ცოლ-შვილის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიის სენაკში. 1889 ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ – მღვდლად. მსახურობდა ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიაში. კ-მ გადაარჩინა და შეაკაზმვინა XI ს. ლიხაურის სახარება, რ-იც დღეს ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის ფონდშია დაცული. ხელმძღვანელობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ლიხაურის ფილიალს (შეიქმნა 1912). ავტორია სიმღერისა „აჭის წყალო ანკარაო“. 1924 ლიხაურის ეკლესია დაარბიეს და გაძარცვეს, რის გამოც კ. იძულებული გახდა საკუთარ სახლში დაბრუნებულიყო. შეეწირა კომუნისტურ რეპრესიებს. დაკრძალულია ლიხაურის ტაძრის ეზოში.
ლიტ.: თავბერიძე ი., XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა, თბ., 2010.