კონქის ციხე, ქართული ხურომოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ კოლას (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში) ცენტრში, ამავე სახელწოდების სოფლის (ამჟამინდელი ქუზუფინარი) დას-ით, მთაზე. ციხე საშ. ზომის მეგალითური ნაგებობაა. სავარაუდოდ, აგებულია ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში. ციხეს ეტყობა გვიანდ. გადაკეთების კვალი. როგორც შემორჩენილი ნაწილებიდან ჩანს, იგი მოგვიანებით გაუფართოებიათ. დიდი ალბათობით ქართველები მას XVI ს. შუა ხანებამდე იყენებდნენ. ციხის თავდაპირველი ნაწილის გეგმა სამხრ.-ჩრდ-ის მიმართულებით წაგრძელებული ოთკუთხედის ფორმისაა (სიგრძე 22,5 მ, სიგანე 14 მ), რ-იც განივი ყრუ კედლით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა და ორივეს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს: ჩრდ-ით მდებარეს – აღმ-იდან, სამხრ-ით მდებარეს კი – სამხრ-იდან. გარედან ციხის ოთხივე კუთხეში გამოყვანილია მომრგვალებული, ზემოთკენ თანდათან შევიწროებული ყრუ შვერილი. მსგავსი მოყვანილობის შვერილი ციხის დას. კედლის შუაშია. ციხე ნაგებია ლოდებით – დუღაბის გარეშე. ზოგიერთი კედლის სისქე 2,5 მ-ია, ზოგის – 4 მ აღწევს. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3 მ არ აღემატება.
ლიტ.: თავაძე ლ., კონქის ციხე. – კრ.: ტაო-კლარჯეთის ციხესიმაგრეები, ტ. 1, თბ., 2020; თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938.
თ. დვალი