კოოპერატივი

კოოპერატივი, მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის წევრებიც ერთობლივად ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას წესდებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. მისი მიზანია საკუთარი წევრების სხვადასხვა სახის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. კ. თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მართავს მას დემოკრ. პრინციპებზე დაყრდნობით. მისი წევრები თანაბრად ინაწილებენ სამეწარმეო საქმიანობის შედეგებს – მოგებასა და ზარალს – მათი კუთვნილი საპაიო შენატანების შესაბამისად. იგი არ არის უმთავრესად მოგების მიღებაზე ორიენტირებული გაერთიანება. კ. დაფუძნებულად ითვლება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.

კ., როგორც შრომითი მიზნით გაერთიანებულ წევრთა თანამშრომლობის ფორმა, გაჩნდა XIX ს-ში ინგლისში.

საქართველოში თანამედროვე კ-ები შეიქმნა კანონების: „მეწარმეთა შესახებ“ (1994), „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ (1997) და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ (2013) საფუძველზე.

კ-ის სახეებს მიეკუთვნება: 1. საკუთარი წევრებისათვის ნედლეულის მომპოვებელი კ-ები; 2. სას.-სამ. ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კ-ები; 3. სას.-სამ. პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციისთვის განმახორციელებელი კ-ები (სას.-სამ. და საწარმოო კ-ები); 4. მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი რეალიზაციის კ-ები; 5. სას.-სამ. წარმოებისათვის ან სარეწებისათვის აუცილებელი მატერ.-ტექნ. რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივად გამომყენებელი კ-ები; 6. სასოფლო-საკრედიტო კ-ები; 7. სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კ-ები, რ-თა სამართლებრივი, ეკონ. და სოც. საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართვ. კანონით; 8. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები; 9. სას.-სამ. კ-ები, რ-თა სამართლებრივი, ეკონ. და სოც. საფუძვლები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონებით .

2022 წ. 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართვ. 2021 წ. 2 აგვისტოს ახ. კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რ-ის მიხედვითაც კ-ის დაფუძნება შეუძლია არანაკლებ ხუთ (როგორც ფიზ., ისე იურიდ.) პირს. კ. საქმიანობს საფირმო სახელწოდებით და უნდა შეიცავდეს მისი სამართლებრივი ფორმის აღმნიშვნელ დამატებას „კოოპერატივი“ ან „კოოპ.“ მისი წევრები დაფუძნებისას ადგენენ შეთანხმებას – წესდებას, კ-ის ხელმძღვ. ორგანო კი – კ-ს წევრთა რეესტრს. კ-ის წევრის წილს პაი ეწოდება.

კ-ების საქმიანობა რეგულირდება წესდებით და სათანადო კანონმდებლობით. კ. თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით. მისი საქმიანობა ემყარება თვითდაფინანსების, თვითმმართველობისა და საკუთარი პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოკვეთილად ახასიათებს ამხანაგობის ტიპის ნიშნებიც.

კ-ის მართვის უმაღლ. ორგანოებია საერთო კრება და წარმომადგენელთა კრება. თუ წევრთა რაოდენობა 200-ზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად (თუ ამას წესდება ითვალისწინებს), შეიძლება ჩატარდეს წარმომადგენელთა კრება. თუ წევრთა რაოდენობა 500-ზე მეტია, იწვევენ წარმომადგენელთა კრებას.

კ-ის ყოველ წევრს აქვს თითო ხმა. ერთ წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პაი. წესდებიდან გამომდინარე, კ-ის წევრი შეიძლება იყოს ინვესტორი, რ-საც არ უნდა ჰქონდეს ხმათა 25%-ზე მეტი. ხელმძღვანელობის წარმომადგენლობისა და კონტროლის უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო (გამგეობა, სარევიზიო კომისია).

კ-ებს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლიათ ნებაყოფლობით გაერთიანდნენ კავშირებად დარგობრივი, ტერიტორიული, პროფესიული და სხვა ნიშნის მიხედვით.

წყარო: კანონი მეწარმეთა შესახებ, თბ., 2022; საქართველოს კანონი სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, თბ., 1997; საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, თბ., 2013; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, თბ., 1997.

ლიტ.: ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011; ჭანტურია ლ., ნინიძე თ., მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, თბ., 2002.

მ. ჭუმბურიძე

ი. უჯმაჯურიძე