კოპალეიშვილი ვასილ პავლეს ძე (12. VIII. 1932, სამტრედია, – 2017, იქვე), მეტალურგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1991), საინჟ. აკად. ნამდვ. წევრი (1996). 1955 დაამთავრა სპი-ის მეტალ. ფაკ-ტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით. 1956–61 მუშაობდა ქ. ხარციზსკისა (უკრაინა) და რუსთავის მეტალ. ქ-ნებში, 1961-იდან კი – სპი-ში ლითონთა ტექნოლ. და ლითონმცოდნეობის კათედრაზე. 1992-იდან იყო ჩამოსხმის, შედუღებისა და ახ. ტექნოლ. პროცესების კათედრის გამგე, პარალელურად ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ მასალათა თვისებების ლაბორატორიას.
კ-ის მეცნ. კვლევები მოიცავს ლითონმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლ. დარგებს. მყარი სხეულების ფიზ. და ნგრევის მექან. მეთოდების გამოყენებით მან გააანალიზა მილნამზადის გაჭოლვის (განღრუების) პროცესი, ექსპერიმენტულად დაადგინა ლითონის (ფოლადის) „დაძველების“ საწინააღმდეგო, მანამდე უცნობი ე. წ. „გაახალგაზრდავების“ ეფექტი, რ-იც გამოიყენება ახ. შენადნობების შესარჩევად. მის მიერ მიღებული შედეგების უმრავლესობა დაინერგა წარმოებაში. 1993 სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია ეკონომიურად ლეგირებული ფოლადებისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება-დანერგვისათვის საწარმოო ციკლში „ფოლადი – მზა პროდუქცია“.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).