კოპის ციხე

კოპის ციხე, ციხე ისტორიული ტაოს სოფ. კოპის ტერიტორიაზე (ახლანდ. სოფ. თიმურქიშლა, თურქეთის რესპუბლიკა). კ-იდან ჩრდ-ით, 1 კმ დაშორებით კლდეში წარმოქმნილი უზარმაზარ გამოქვაბულში შემორჩენილია წერილობითი წყაროებიდან ცნობილი ციხის ფრაგმენტები. ციხე, სავარაუდოდ, რამდენიმე დონეზე იყო განლაგებული. ციხის ქვედა ნაწილს, როგორც ჩანს, გალავანი შემოუყვებოდა. ზედა ნაწილში შემორჩენილია წყლის ავზები და რამდენიმე ოთახი. ციხის უკიდურეს ჩრდ. ნაწილში კლდეზე მიშენებულია ეკლესია – მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. ეკლესიამდე მისასვლელი გზა ამჟამად ჩამონგრეულია. სოფლის ჩრდ.-აღმ-ით ციხის შორიახლოს, მდ-ების – ბარდუსისწყლისა და ორთულისწყლის შესართავთან, კლდოვან ბაქანზე შემორჩენილია წერილობითი წყაროებიდან ცნობილი კომპლექსი, რ-შიც შედის საცხოვრებელი ნაგებობები და ეკლესია. ეკლესიის წარწერის მიხედვით კომპლექსი მზეჭაბუკ ათაბაგის საცხოვრებელს წარმოადგენდა. ამჟამად წარწერის მხოლოდ მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი. ითვლებოდა კოპაძეების (სამცხის წარჩინებული საგვარეულო) კუთვნილ ციხე-სიმაგრედ, რ-ებიც დიდ მამულებს ფლობდნენ ტაოში, მ. შ. კ-ის სტრატეგიულ ციხეს.

კ. ც. პირველად ე. თაყაიშვილის ექსპედიციამ აღწერა 1907 წ. ეკლესია სავარაუდოდ XII–XIII სს-სა, კედლის მოხატულობაზე ნუსხური, ასომთავრული და მხედრული წარწერებია.

ლიტ.: ბოშიშვილი ა., კოპის ციხე, კრ.: ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები, ტ. 3, თბ., 2020; გივიაშვილი ი., ბარდუსის ხეობის არქიტექტურული მემკვიდრეობის წინასწარი მიმოხილვა, კრ.: სამეცნიერო პარადიგმები, თბ., 2009; თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938; ტაო-კლარჯეთი. ისტორიისა და კულტურის ძეგლები, კატალოგი, თბ., 2017; Sinclair T. A., Eastern Turkey: An Architectural and Archeological Survey, vol. 2, L., 1989.