კოპლებიანი მწყერთევზა (Symphodus roissali Risso, 1810 – Crenilabrus quinquemaculatus Risso, 1827), თევზი. მიეკუთვნება ტუჩოსანთა ოჯახს (Labroidae Cuvier, 1816), ტუჩოსნების გვარს (Labrus Linnaeus, 1758). მაქსიმალური სიგრძე – 21 სმ, მასა – 120 გ. შავ ზღვაში ხშირად გვხვდება უფრო პატარა ზომის მწყერთევზები (16 სმ-მდე). ბინადრობს კლდე-ქვიან, მცენარეებით მდიდარ სანაპირო წყლებში. იკვებება უმთავრესად მოლუსკებით. გავრცელებულია შავ ზღვაში – კავკასიის, ყირიმის, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის სანაპიროებთან; ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა, მარმარილოს ზღვებში, ბოსფორში.
სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. (ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის) IUCN მიხედვით საჭიროებს ზრუნვას (LC).
ლიტ.: ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; Световидов А., Рыбы Черного моря, М., 1964.
ნ. ნინუა