კორიდეთის ბერძნული ოთხთავის ქართული ხელნაწერი

კორიდეთის ოთხთავი. IX ს.

კორიდეთის ბერძნული ოთხთავის ქართული ხელნაწერი, ბერძნული ოთხთავის ასომთავრულით გადაწერილი ქართული ხელნაწერი. შესრულებულია IX ს-ში ქართველი გადამწერის მიერ ბერძნ. დამწერლობის ქართ. დუქტუსით. ზომა 29X24 სმ. ნაწერია მოყვითალო ეტრატზე ორ სვეტად. ხელნაწერი შეიცავს 249 ფურცელს. რამდენიმე ფურცელი აკლია, ზოგიც დაზიანებულია.

ხელნაწერი XV ს-მდე ინახებოდა ამჟამად თურქეთის საზღვრებში არსებულ სოფ. კორიდეთის ღვთისმშობლის ეკლესიაში (1914-მდე კორიდეთი ბათუმის ოლქის ართვინის მხარეში შედიოდა). X ს-ში ხელნაწერი ხელახლა აუკინძავთ და იქვე შეუმკიათ ერისთავ ბეშქენის ბრძანებით.

XV ს. მიწურულს ხელნაწერი კორიდეთიდან გადაუტანიათ ზემო სვანეთში, ისტ. სოფ. კალაში, წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიაში, სადაც 1853 აღმოაჩინა ეთნოგრაფმა ი. ბართოლომეიმ. 1869 ქუთაისის გუბერნატორმა, გრაფმა ვ. ლევაშოვმა ხელნაწერი 50 მან. გირაოთი სვანეთიდან პეტერბურგში წაიღო. იქ ხელნაწერს გაეცნო მ. ბროსე და 1872 გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რ-შიც აღნიშნულია მისი მნიშვნელობა.

ლ. დადეშქელიანისა და ეპისკოპოს გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) მეცადინეობით ხელნაწერი საქართველოში დააბრუნეს და გელათის მონასტერს გადასცეს. 1901 კირიონ ეპისკოპოსმა იგი გელათიდან თბილისში ჩამოიტანა და გადასცა თბილ. საეკლ. მუზეუმს, სადაც №993-ით აღირიცხა (Kirion, 1995)). ხელნაწერი შესასწავლად და გამოსაცემად თბილ. გიმნაზიის გერმ. ენის მასწავლებლის, პასტორ გ. ბერმანის მეშვეობით ლაიფციგში გადაგზავნეს, საიდანაც 1904 კვლავ საეკლ. მუზეუმში დააბრუნეს. კორიდეთის ხელნაწერი ლაიფციგში გამოსცეს 1913. მანამდე მისი ნაწილი – მარკოზის თავი – ფოტოტიპურად გამოიცა (Материалы по археологии Кавказа, XI, М., 1907). ამჟამად ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში, ბერძნული ხელნაწერების ფონდში (Gn-28). ხელნაწერისადმი სამეცნ. ინტერესს განაპირობებს არა მხოლოდ ტექსტობრივი და პალეოგრაფიული, არამედ ისტ.-ლიტ. მნიშვნელობაც, რადგან ტექსტზე მეტად საყურადღებო ქართ. და ბერძნ. მინაწერებია. სხვადასხვა დროს შესრულებულ მინაწერთაგან 24 ქართულია, 9 – ბერძნული. მათი დიდი ნაწილი საბუთებია, სადაც ასახულია საერთოდ კლარჯეთისა და, კერძოდ, კორიდეთის ყოფა.

ოთხთავის ქართ. მინაწერები გამოსცა ნ. მარმა 1911. მათი დათარიღების საკითხს შეეხო ს. ყაუხჩიშვილი, ხოლო გრ. წერეთელმა მაღალ მეცნიერულ დონეზე შეისწავლა ბერძნ. მინაწერები.

ლიტ.: ბეზარაშვილი ქ., კორიდეთის ოთხთავის ისტორიისათვის, მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, ტ. 24, თბ., 2015; სილოგავა ვ., კორიდეთის საბუთები (X–XIII სს.), თბ., 1989; ყაუხჩიშვილი ს., კორიდეთის ბერძნული სახარების ქართული მინაწერების დათარიღებისათვის, «ჩვენი მეცნიერება», 1924, №11–12; წერეთელი გრ., კორიდეთის ხელნაწერი და მისი ბერძნული მინაწერები, ტფ., 1937; Beerman G. und Gregory C . R , Die Koridethi – Evangelien 038, Lpz, 1913 (Tafeln und 2 Karten); Brosset M., Note sur un manuscrit grec des quarte evangiles- rapporte de Suanethi-Libre et appartenant au comte Panin St.-Petersbourg, 1870.

ა. ურუშაძე