კორშონი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე

კორშონი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე [IX. 1882, ქ. ნიკოლაევი (უკრაინა), – X. 1950, ბათუმი] კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი. აჭარის არ-ის დამს. არტისტი (1936). 1898 ჩაირიცხა ოდესის კერძო მუს. სტუდიაში, შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის კონსერვატორიაში. 1909 შედგა მისი დებიუტი სცენაზე – უდირიჟორა ჯ. როსინის ოპერა „სევილიელ დალაქს“, რამაც განსაზღვრა მისი კარიერა. 1912 მუშაობა დაიწყო თბილ. სახაზინო თეატრში ქორმაისტერად; გაეცნო ქართ. საოპერო მუსიკას, ქართვ. კომპოზიტორებს და მომღერლებს, 1921 ჩავიდა ბათუმში. ეს წელი დაემთხვა აჭარაში მუს. საზ-ბის დაარსებას, რ-ის მუშაობაშიც კ. აქტიურად ჩაება. ამ პერიოდში მისი აქტ. მონაწილეობით შეიქმნა სახელმწ. აკად. გუნდი (ხელმძღვ. – მ. კუხიანიძე), სიმფონიური ორკესტრი და რუსული საოპერო დასი. სამხატვრო ხელმძღვანელად და რეჟისორად კ-მა მიიწვია იმხანად ბათუმში მოღვაწე ე. ვრონსკი, ბალეტმაისტერად – ს. ვაკარეცი, ორკესტრს კი თვითონ ხელმძღვანელობდა. 1922–27 ბათუმის თეატრში წარმატებით დაიდგა კლასიკური საოპერო რეპერტუარის არაერთი ნიმუში. 1929-იდან კ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას – ხელმძღვანელობდა ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის საოპერო-საგუნდო კლასს, 1934-იდან – სახელმწ. სიმფ. ორკესტრს (სამხატვრო ხელმძღვ. და დირიჟორი) და სახელმწ. კაპელას. 1936–38 იყო ბათუმის თოჯინების თეატრისა და დრამ. თეატრის სამუს. ნაწილის გამგე (შექმნა მუსიკა ამ თეატრის 40-მდე დრამ. სპექტაკლისათვის).

ლიტ.: გერგეშია ლ., მუსიკალური საზოგადოება აჭარაში და ვლადიმერ კორშონი, მუზეუმის მაცნე, ბათუმი, 2012; ნოღაიდელი ჯ., მასალები აჭარული მუსიკალური ფოლკლორიდან, თბ., 1961; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938, გამოც. მე-2, თბ., 1990.

ლ. გერგეშანია

ლ. ჩხარტიშვილი