კორცხელის მღვიმე, კარსტული მღვიმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. კორცხელის ტერიტორიაზე, მდ. ჯუმის (ენგურის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას, ზ. დ. 150 მ. გამომუშავებულია ნეოგენურ ქვიშაქვებში. კ. მ. ჰორიზონტალურფსკერიანი დერეფნული ტიპის გამჭოლი მღვიმეა. მისი საშ. სიმაღლეა 3 მ, ჯამური სიგრძე – 790 მ, ფსკერის ფართობი – 3160 მ 2, საერთო მოცულობა – 6320 მ 3. ჰაერის ტემპერატურა მერყეობს (13,0–16,0) °C ფარგლებში. მღვიმეში გაედინება მცირე მერყევდებიტიანი ნაკადი. კ. მ. პირველად გამოიკვლიეს გ. დევდარიანმა და ლ. მარუაშვილმა. კომპლექსურად შეისწავლა ბ. გერგედავამ.
ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.