კორძაია-სამადაშვილი ანა არსენის ასული

კორძაია-სამადაშვილი ანა არსენის ასული (დ. 26. II. 1968, თბილისი), მწერალი, ჟურნალისტი. 1989 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. იყო გამომცემლობა „BBT-ისა“ (1984–93) და „სომაპრეს“ (1993–99) რედაქტორი, ბერლინის საერთაშ. წიგნის სააგენტო „IBA-ისა“ (1998) და გაზ. „24 საათის“ (2001–04) ჟურნალისტი. 2005-იდან მუშაობს ჟურნ. „ცხელ შოკოლადში“; წერს მოთხრობებს, რომანებს, აქტიურად ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ავტორია მოთხრობების კრებულებისა: „ბერიკაობა“ (2003, ლიტ. დებიუტი ფსევდონიმით სოფიო კირვალიძე), „მე, მარგარიტა“ (2005), „მარიეტას გზა“ (2012); რომანებისა: „შუშანიკის შვილები“ (2011), „ვინ მოკლა ჩაიკა“ (2013). აქვეყნებს მოთხრობებს. გერმანულიდან თარგმნის ბ. ბრეხტის, ე. მ. რემარკის, ი. მასანეკის, კ. ლანგე-მიულერის, რ. გიოცის, კ. ფუკეს, ჰ. ჰესესა და სხვათა ნაწარმოებებს. ე. იელინეკის რომანის „საყვარლების“ თარგმანისათვის 1999 მიიღო გოეთეს ინ-ტის ჯილდო, აგრეთვე – ლიტ. პრემია „საბა“ კრებულისათვის „მე, მარგარიტა“ ნომინაციებში: „დებიუტი“ (2004), და „ბესტსელერი“ (2005).