კოსტავა გრიგოლ ქრისტეფორეს ძე

გ. კოსტავა 

კოსტავა გრიგოლ ქრისტეფორეს ძე (4. I. 1907, ქუთაისი, – 10. VI. 1979, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართვ. სახ. არტისტი (1965). 1924–28, 1931– 34, 1955–56 მუშაობდა ქუთაისის დრამ. თეატრში, 1928–31, 1935– 45, 1956–79 – მარჯანიშვილის თეატრში. წარმატებით ასრულებდა როგორც დრამ., ასევე სახასიათო როლებს. მისი შესრულება გამოირჩეოდა სისადავით, ზომიერებით და განცდის უშუალობით. აღსანიშნავია როლები: იაგო (უ. შექსპირის ,,ოტელო“), დე სანტოსი (კ. გუცკოვის ,,ურიელ აკოსტა“), გაიოზი (ლ. ქიაჩელის ,,ტარიელ გოლუა“), აპრაკუნე, შამილი (ი. ვაკელის ,,აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, ,,შამილი“), ილარიონი (ნ. დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), ტარიელ შერვაშიძე (კ. გამსახურდიას ,,მთვარის მოტაცება“), კალისტრატე (რ. ჯაფარიძის ,,ჯარისკაცის ქვრივი“). 1934–40 შეთავსებით მუშაობდა თბილ. თოჯინების თეატრში, სადაც დააარსა ჩრდილების თეატრი. იმავდროულად, 1936–38, ხელმძღვანელობდა ბათუმის პირველ პროფესიულ თოჯინების თეატრს (,,ტიკინების თეატრი“).

კ. გადაღებულია ფილმებში: ,,ქალიშვილი გაღმიდან“ (ჯაშუში, 1940), ,,ბაში-აჩუკი“ (ფარნა, 1956), ,,ნინო“ (არჩილი, 1959, სამივეს რეჟ. ლ. ესაკია), ,,მე ვიტყვი სიმართლეს“ (მოსამართლე, რეჟ. ლ. ხოტივარი, 1957), ,,მაია წყნეთელი“ (ამილახვარი, 1959), ,,ღიმილის ბიჭები“ (მღვდელი, ორივეს რეჟ. რ. ჩხეიძე, 1969) და სხვ.

თ. კახიანი