„კოსტანტი კახის მარტვილობა“, IX ს. ქართული ანონიმური ჰაგიოგრაფიული თხზულება. მისი მთავარი გმირია ქრისტ. სარწმუნოებისათვის თავდადებული, ქართლის გავლენიანი დიდებული წმ. კოსტანტი კახი. 853 არაბებმა ბუღა თურქის მეთაურობით თბილისი აიღეს, გადაწვეს და ამირა საჰაკ ისმაილის ძე მოკლეს. ხანდაზმული კოსტანტი კახი, „ვითარცა წინამძღუარი და წარჩინებული ყოველსა ქუეყანასა ქართლისასა“, თავისი ლაშქრით წინ აღუდგა უცხო დამპყრობლებს. ამის გამო ის შეიპყრეს, თავდაპირველად თბილ. საპყრობილეში ჩასვეს, შემდეგ ქ. სამარაში გაგზავნეს და მეფე ჯაფარ აბრაჰამის ძეს წარუდგინეს, რ-მაც მას ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა. კოსტანტი კახმა დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა და სარწმუნოების გამოცვლაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც 853 წ. 10 ნოემბერს მას თავი მოჰკვეთეს.
„კ. კ. მ“. დაწერილია 853–856. ავტორი წმ. კოსტანტი კახის თანამედროვეა, მაგრამ არ უნდა იყოს მასთან დაახლოებული პირი ან მისი მარტვილობის თვითმხილველი; არც წამებულის ბიოგრაფია იცის კარგად და ამბავს უფრო ზოგადად, სხვის გადმოცემაზე დაყრდნობით ჰყვება. მიუხედავად ამისა, თხზულება მნიშვნელოვანი წყაროა IX ს. შუა წლების საქართვ. პოლიტ. ცხოვრების დასაზუსტებლად.
„კ. კ. მ-ის“ ხელნაწერები XVIII ს-იდან გვხვდება. ტექსტი პირველად გამოაქვეყნა მ. საბინინმა 1882; 1925 ლათ. თარგმანითურთ გამოსცა პ. პეეტერსმა.
ლიტ.: გაბიძაშვილი ე., შრომები, ტ. 1, თბ., 2010; კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1956; მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მეტრეველი ს., ქართული სულიერი კულტურის პარადიგმები–აგიოგრაფია, თბ., 2020; ს უ ლ ა ვ ა ნ., სახისმეტყველებითი ასპექტები „წმ. კოსტანტი კახის წამებაში“, საქართვ. ისტორიის ინ-ტის შრომები, 2016 (სპეციალური გამოშვება). ჯავახიშვილი ივ. (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8), თბ., 1977.
ი. ლოლაშვილი