კოტეტიშვილი ვახუშტი ვახტანგის ძე (4. VIII. 1935, თბილისი, – 7. VIII. 2008, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, ირანისტი, პოეტი, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1978). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1959). კითხულობდა ლექციებს თსუ-ში იმავე ფაკ-ტზე. მისი კვლევის სფერო იყო სპარს. პოეზია, ქართ. ფოლკლორი. სამეცნ. ნაშრომთაგან აღსანიშნავია „ჰაფეზის პოეზიის ბუნების გაგებისათვის“ (1964), „სპარსული ლირიკის რითმის სტრუქტურა“ (1975); სტატიები სპარს. პოეზიის შესახებ, ასევე ლიტ.-კრიტიკული წერილები. კ-მა პირველი ლექსი 1954 გამოაქვეყნა, პირველი თარგმანი – 1958. ავტორია პოეტური კრებულებისა: „ქვიშის საათი“ (2005), „რაც მეთქმევინა“ (2007), „ქართული სონეტები“ (2016); ესეების კრებულისა – „მართალს ვიტყვი“ (2005). თარგმნა სპარს. პოეზიის კლასიკოსების – ომარ ხაიამის, ჯამის, ჰაფეზის, რუდაქის, საადის, ობეიდ ზაქანისა და სხვათა ლირიკა; ასევე გერმ., რუს. და ესპანურენოვანი პოეზიის ნიმუშები. პოპულარული თარგმანებია: ომარ ხაიამის „რობაიათი“, ჯამის „ლირიკა“, ჰაფეზის „ლირიკა“. შეადგინა და წინასიტყვაობითა და კომენტარებით გამოსცა კრებ. „ირანული პოეზია“ (1977).
XX ს. 80-იან წლებში პოპულარობით სარგებლობდა მისი ხელმძღვანელობით გამართული ფოლკლორული საღამოები. 1994-იდან იყო ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ-ხელმძღვანელი, აგრეთვე, იუნესკოს ფოლკლორული ასოციაციის საქართვ. განყ-ბის პრეზიდენტი, საქართველო-აზერბაიჯანის საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი, ფოლკლორისტულ კლუბ „ჯავარის“ პრეზიდენტი. გამოცემული აქვს სამი კრებული: „ლექსის თქმა მწადის ერთისა“ (1987), „ფოლკლორული რვეულები“ (1990), „კლდის ფხაზე თეთრო ყვავილო“ (2007).
1995 რაინერ მარია რილკეს პოეტურ ციკლთა თარგმანისათვის კ-ს მიენიჭა ავსტრიის კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს (ვენა) პრემია; 2003 – ქართ. ლიტ-რის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ლიტ. პრემია „საბა“; 2005 – ლიტ. პრემია „საგურამო; 2007 ირანის სამთავრობო კომისიამ იგი ირანულიდან ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: აღმოსავლურ-დასავლური დივანი, თბ., 2003; ვერცხლის საუკუნე + ბროდსკი. რუსული პოეზიის თარგმანები, თბ., 2006; ფოლკლორული ძიებანი, თბ., 2006.
მ. თუშიშვილი