„კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხანა“

„კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხანა“ კუკური ქოროღლიშვილის სახელობისა (სააქციო საზოგადოება), ქართული ღვინის კომპანია. დაარსდა ქ. გურჯაანში (კახეთის რეგიონი) 1976 როგორც ღვინომასალების გადამმუშავებელი ქარხანა – საკუპაჟე ბაზა, რ-იც შედიოდა გურჯაანის საწარმოო გაერთიანებაში (შეიქმნა 1977) და ახორციელებდა მასში შემავალი 9 ღვინის ქ-ნიდან მიღებული ღვინომასალების კუპაჟს. 1986, გაერთიანების დაშლის შემდეგ, საწარმო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა და ეწოდა გურჯაანის ღვინომასალების გადამმუშავებელი ქ-ნა. 1994 გარდაიქმნა ღია სააქციო საზ-ბად, ხოლო 1995 მოხდა ქ-ნის სრული პრივატიზაცია და ეწოდა სააქციო საზ-ბა „კოტეხი“. 1996-იდან დაერქვა „._. . .“, 2002 წ. 26 აპრილიდან მიენიჭა კუკური ქოროღლიშვილის სახელი. კომპანია კერძო საკუთრებაა. საწარმოში მოქმედებდა ყურძნის მიმღებ-გადამმუშავებელი 4 ხაზი, რ-თაგან 3 განკუთვნილი იყო თეთრი, ხოლო 1 – წითელი ყურძნისათვის. საწარმო ყურძენს ღებულობდა როგორც გურჯაანის რ-ნის მოსახლეობისგან, ისე ახლომდებარე რ-ნებიდან და საკუთარი ვენახებიდან (1986– 2008 კომპანია ფლობდა 30 ჰა-ს). ქ-ნას შეეძლო სეზონზე 8 ათასი ტ ყურძნის გადამუშავება. უშვებდა ჩამოსხმულ და ჩამოსასხმელ შემდეგი დასახელების ღვინოებს: თეთრი მშრალი („კოტეხი“ – ევროპული, „კოტეხი“ – კახური, „კოტეხი“ – სუფრის, „ადონისი“, „გურჯაანი“, „ვაზისუბანი“, „გარეჯი“); წითელი მშრალი („კოტეხი“, „საფერავი“, „მუკუზანი“); წითელი ნახევრად ტკბილი („კოტეხი“, „ალაზნის ველი“); ვარდისფერი ნახევრად მშრალი („კოტეხი“); შუშხუნა ღვინო („კოტეხი“). კომპანიის მიერ დამზადებული ღვინოები იგზავნებოდა უცხ. ქვეყნებში და გადიოდა ადგილ. ბაზარზე.

ქ-ნის ღვინოებს საერთაშ. ბაზრობებსა თუ დეგუსტაციებზე მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო, მ. შ. გრან-პრი (ნიუ-იორკის ხარისხის სამიტი; 2002), 9 ოქროს, 8 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს (1986– 2016) მედალი.

2016 სექტემბრიდან კომპანია გაცემულია იჯარით.

ლ. აბრამიშვილი