კოტისი

კოტისი

კოტისი, კოტრისი, კატრისი, ისტორიული სოფელი ტაოს პროვინციაში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია), ახლანდ. სოფ. თექეთაში (Teketaş – არზრუმის მხარე, შენქაიას რ-ნი). მდებარეობს შემაღლებულ პლატოზე, ზ. დ. 1850 მ. ე. თაყაიშვილის ცნობით, 1907 ცხოვრობდნენ ქურთები. ექსპედიციისას მკვლევარმა სოფლის ცენტრში მიაკვლია თლილი ქვით მოპირკეთებულ, მოზრდილ დარბაზულ ეკლესიას. ტაძრიდან მეტ-ნაკლებად შემორჩენილია ძირითადი კონსტრუქცია, რ-იც სამეურნეო დანიშნულებითაა გამოყენებული.

სოფლის თავზე, ჩრდ.-აღმ-ით, მთის თხემზე, მეგალითური ციხისა და ნასახლარის ნანგრევებია. მშრალი წყობით ნაგები კედლების ნაშთები შემორჩენილია სოფლის მიმდებარე ბორცვებზეც. კ-ს აღმ-იდან ლექსორისხევი ჩამოუდის, რ-ის ქვემო წელზეც, სოფლიდან 6 კმ-ში, ლექსორის დიდი სამონასტრო კომპლექსია.

ლიტ.: თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938; ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2017 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები, თბ., 2018.

ბ. კუდავა