კოქსქიმიური მრეწველობა

კოქსქიმიური მრეწველობა, მძიმე მრეწველობის დარგი, რომელიც ახორციელებს ქვანახშირის გადამუშავებას დაკოქსვის მეთოდით. კ. მ-ის პროდუქციაა კოქსი (თავდაპირველი ნედლეულის 76–77%), კოქსის აირი (ტექნოლ. გაწმენდის შემდეგ – ნედლეულის 14–15%) და თანამდევი ქიმ. პროდუქტები (5–6%) (იხ. კოქსქიმია).

კოქსის გამოყენებით, ხის ნახშირის დამატების გარეშე, თუჯი პირველად ჩამოასხეს დიდ ბრიტანეთში (1735). კოქსის წარმოება დიდხანს შავი მეტალ. დანამატი იყო. დამოუკიდებელ დარგად კ. მ. მხოლოდ XIX ს. ბოლოს ჩამოყალიბდა, ქვანახშირის ახ. მნიშვნელოვანი საბადოების აღმოჩენის შემდეგ [ალბერტა (კანადა), აპალაჩები (აშშ), რური (გერმანია), სილეზია (პოლონეთი), კუზნეცკი (რუსეთი), ყარაღანდა (ყაზახეთი), ტყვარჩელი, ტყიბული და სხვ.]. მსოფლიოში კ. მ-ის 60-70% ეკუთვნის ჩინეთს.

საქართველოში ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო, ისევე როგორც ტყიბულისა, ქვანახშირის მრეწვ. ერთ-ერთი ძირითადი კერა იყო. ტყიბულში ქვანახშირის ამოღება დაიწყო XIX ს. წლებში, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქუთაისი–ტყიბულის რკინიგზის ხაზის გაყვანის შემდეგ (1887) და მაქსიმუმს მიაღწია XX ს. შუა პერიოდში. ტყვარჩელში პირველი შახტი ამოქმედდა 1935, შემდეგ დაემატა კიდევ 4 შახტი. ორივე რეგიონში მოქმედი მამდიდრებელი ობიექტებიდან საკოქსე ქვანახშირი მთლიანად ეგზავნებოდა რუსთავის კოქსქიმიურ ქ-ნებს. XX ს. დამლევისთვის აქ ძირითადი საწარმოო პროცესები (ქვანახშირის ჩამოტვირთვა, საკოქსე ღუმლების დატვირთვა, განტვირთვა, კოქსის ჩაქრობა და სხვ.) მთლიანად მექანიზებული იყო. წარმოებული კოქსით მარაგდებოდა რუსთავის მეტალურგიული კომბინატი. კოქსის აირს (გაწმენდის შემდეგ) იყენებდნენ გათბობისთვის, მ. შ. კომუნალურ მეურნეობაში. თანამდევი ქიმ. პროდუქტები (ამიაკი, ქვანახშირის ფისები, ბენზოლი, ფენოლი და სხვ.) გამოიყენებოდა ქიმ. მრეწველობაში, მ. შ. ხელოვნური საღებრების წარმოებაში. კ. მ-ის აღნიშნული ობიექტები გამართულად ფუნქციონირებდა XX ს. ბოლომდე.

ლ. ნაკაიძე