კოღოები (Culicidae), მწერების ოჯახი ორფრთიანთა რიგისა. აქვთ ერთი წყვილი სიფრიფანა ფრთა, მეორე გადაქცეულია ბზუალებად. მომრგვალო თავის წინა ნაწილში პირის ორგანოებია – ხორთუმი და საცეცები. აქვს 15-ნაწევრიანი წვრილი, მოკლე (დედალს) ან გრძელი (მამალს) ბეწვებით დაფარული ულვაშები. კვერცხი, მატლი და ჭუპრი დამდგარ ან მდოვრე წყალში ვითარდება. მატლი წყლის მცენარეულობითა და ცხოველებით იკვებება. სისტემატურად ამოდის წყალსატევის ზედაპირზე და ისევე, როგორც ჭუპრი, ატმოსფერული ჟანგბადით სუნთქავს. ცნობილია 2000-მდე სახეობა, რ- თაგან ბევრი სისხლმწოვია, ადამიანისა და ცხოველის ექტოპარაზიტია. ზოგს დაავადებული ორგანიზმიდან ჯანსაღ ადამიანზე სხვადასხვა დაავადების გამომწვევები გადააქვს. კ-ის ოჯახი იყოფა 3 ქვეოჯახად: Culicinae (ნამდვილი კ.), Dixinae და Chaoborinae. ნამდვილი კ-ის (Anophelini-ს) ქვეოჯახიდან საქართველოში გვხვდება გვარები: Anopheles (მალარიის კოღო), Aedes და Culex. მალარიის კ-ს გადააქვთ მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმები. არამალარიის კ-იდან აღსანიშნავია Aedes-ის გვარში შემავალი მრავალი სახეობა, რ-იც ადამიანისა და ცხოველის მავნებელია. მაგ., Aedes aegipti-ს გადააქვს ყვითელი ცხელებისა და ზიკას ვირუსი, ხოლო Aedes-ისა და Culex-ის ზოგ სახეობას (Aedes japonicus, Aedes togoi, Culex bithaeniorhynchus და სხვ.) – იაპონური ენცეფალიტი.