კოშკები, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის გორის მუნიციპალიტეტში (სკრის თემი), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 780 მ, გორიდან 13 კმ, სკრიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 5 კმ. 176 მცხ. (2014).
სოფელში, შალიკაანთ უბანში, მთის ფერდზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების არქიტ. ძეგლი „ეკლესია საწყალი“, სოფლის განაპირას, სკრის ხეობაში – გვიანდ. შუა საუკუნეების „ტყუპის ეკლესია“, ხოლო სოფლის განაპირას, ჩრდ-ით, მაღალი მთის ფერდობზე – X–XI სს. შალიკაშვილების ეკლესია (ღვთისმშობლის ეკლესია). ყველა აღნიშნული ეკლესია დარბაზულია. სოფლის სამხრ-ით, მდ. სკრის მარჯვ. ნაპირას, ფერდობზე დგას XVII ს. კოშკი. მიეკუთვნება ე. წ. ზურგიანი კოშკების ტიპს.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. თბ., 1990.