კოჩიბეი გორიჯელი, თურქი მემატიანე, მოღვაწეობდა XVII ს. I ნახ-ში. მას ეკუთვნის სოც.- პოლიტ. ხასიათის ორი ტრაქტატი („რისალე“). ჩვენთვის საინტერესოა მე-2 „რისალე“, რ-იც შედგენილია სულთან იბრაჰიმის ზეობის (1640–48) წლებში. მასში მოცემულია სამცხე-საათაბაგოს ადმ. დანაწილება. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ადმ. დაყოფაში აშკარად ჩანს ქართული ფეოდ. მიწისმფლობელობის თავისებურებანი. „რისალეს“ მიხედვით სამცხე-საათაბაგო ერთ ვილაიეთს არ წარმოადგენდა, იგი სანჯაყებად იყო დაყოფილი სხვადასხვა ვილაიეთში. ერთ-ერთი ვილაიეთი კი მთლიანად მოიცავდა ქართულ ტერიტორიებს. არზრუმის ვილაიეთში გაბნეული იყო სამი ქართული სანჯაყი: ისპირი, თორთუმი და ნამერვანი. ეს ქართ. ტერიტორიები, რ-ებიც განაწილებული იყო არზრუმისა და ყარსის ვილაიეთებში, ახალციხის საფაშოზე ადრე ჰქონდა ოსმალეთს მიტაცებული. სამცხე-საათაბაგოს დანარჩენი ტერიტორიები კი ახალციხის საფაშოში შედიოდა. მას ოსმალურ-ადმ. სისტემაში ჩილდირის ვილაიეთი ეწოდებოდა. ტრაპიზონის ვილაიეთი შედგებოდა ორი – ტრაპიზონისა და ბათუმის სანჯაყებისაგან. ჩანს, ამ პერიოდში ბათუმი ცალკე ადმ. ერთეული იყო და მას ბეგლარბეგი განაგებდა. ოსმ. ნარატიული წყაროებიდან ჩანს, რომ ბათუმის ბეგლარბეგს ოსმ. სულთანი ყოველთვის იყენებდა საქართველოსა და სამხრ. კავკასიის ქვეყნებზე სალაშქროდ.
ლიტ.: შ ე ნ გ ე ლ ი ა ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.
ნ. შენგელია