კოჩუბეი ვიქტორ პავლეს ძე (11. XI. 1768 – 3. VI.1834), რუსი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე. გრაფი (1831-იდან). 1792–97 იყო დესპანი თურქეთში, 1798-იდან – საზღვარგარეთის საქმეთა კოლეგიის ვიცე-კანცლერი, 1801–02 – კოლეგიის მმართველი, 1802–07 და 1819–23 – შინაგან საქმეთა მინისტრი, 1827-იდან – სახელმწ. საბჭოს და მინისტრთა კომიტეტის თავ-რე. იმპ. ალექსანდრე I-თან დაახლოებული პირი, ემხრობოდა ზომიერ რეფორმებს. კ-მ გრაფ ვორონცოვთან ერთად გააკრიტიკა გენ. კ. კნორინგის ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ „დასკვნა“, რ-იც მან იმპერატორს წარუდგინა 1801 წ. 24 ივლისს. კ. მოითხოვდა ქართლ-კახეთის სამეფოს შენარჩუნებას 1783 ტრაქტატის ფარგლებში; ის ასევე ამხელდა გენ. კ. კნორინგს სიცრუეში, თითქოს ქართველი ხალხი და ქვეყნის მმართველები ეთანხმებოდნენ მის მოსაზრებას.
კ-ს წერილით მიმართა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ქვრივმა მარიამ დედოფალმა და სთხოვა მისი ოჯახი რუსეთში არ გადაესახლებინათ, ან შვილების მცირეწლოვანების გამო გადასახლება 3 წლით გადაედოთ. წერილი უპასუხოდ დარჩა.
ლიტ.: ბერძენიშვილი მ., მასალები XIX ს. ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ., 1983; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
ლ. მანიავა