კოჭობა

კოჭობა

კოჭობა (Carpodacus), ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება დიდი (C. rubicilla) და ჩვეულებრივი (C. erythrina) კ-ს კავკასიური ქვესახეობები. ყველაზე ფართოდ ჩვეულებრივი კ. არის გავრცელებული. მისი მასა 19–26 გ აღწევს. მამალი წითელია, მკერდზე უფრო კაშკაშა, ზურგი ჟოლოსფერია, ფრთები და ბოლო – მურა-წითელი. დედალი კ. მორუხო-მურაა, სხეულის ქვედა მხარე უფრო ღია ფერისაა. ბინადრობს მთებში. გადამფრენია. ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 3–6 კვერცხს. იკვებება მცენარის თესლით, კენკრით, ყვავილებით, მწერებით.

მ. კუტუბიძე