კოხტასთავი, ისტორიული ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთისა და სამცხის საზღვარზე (ახლანდ. ასპინძის მუნიციპალიტეტი). წყაროებში პირველად იხსენიება XIII ს. მოვლენების თხრობასთან დაკავშირებით. საქართველოში მონღოლთა ბატონობის დროს აქ შეიკრიბნენ ქართველი მთავრები და აჯანყებისათვის დაიწყეს მზადება (იხ. სტ. კოხტასთავის შეთქმულება). აქვე, 1310, მონღოლთა თაოსნობით მოიწვიეს ქართველ მთავართა და დიდებულთა კრება ქვეყნის გასაერთიანებლად და მცირეწლოვანი გიორგი V-ის გასამეფებლად (სარგის და ყვარყვარე ჯაყელების გამოუცხადებლობის გამო შეკრებას შედეგი არ მოჰყოლია). 1414–15 კ-თან მომხდარ ბრძოლაში მეფე ალექსანდრე I-მა დაამარცხა ივანე ათაბაგი. XVI ს. კ. ოსმალთა ხელში გადავიდა. ამჟამად ეს პუნქტი ნასოფლარადაა ქცეული.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, ნაწ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).