კოხტასთავის შეთქმულება

კოხტასთავის შეთქმულება, ქართველ დიდებულთა შეთქმულება მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ, დაახლოებით 1245 ჯავახეთში. მონაწილეობდნენ ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი (იხ. ივანე I), შოთა კუპრი, თორღვა პანკელი, გამრეკელ თორელი, სარგის თმოგველი და სხვ. შეთქმულება გამომჟღავნდა. მონღოლებმა შეიპყრეს ქართველი დიდებულები და წარუდგინეს ანისში მყოფ მონღოლ ნოინს. დაკითხვაზე საიდუმლო შეთანხმების მონაწილეებმა განაცხადეს, რომ კოხტასთავში მონღოლებისთვის მისაცემი ხარკის საქმის მოსაგვარებლად შეიკრიბნენ. მონღოლებმა არ დაიჯერეს და ნოინის ბრძანებით გაშიშვლებული შეთქმულნი მოედანზე, მცხუნვარე მზის ქვეშ, მხარგაკრული დასხეს, თან ყოველდღე ეკითხებოდნენ შეკრების მიზეზს და სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ქართველი მთავრები ერთსა და იმავეს პასუხობდნენ. დატყვევებული შეთქმულები თავგანწირული საქციელით იხსნა ცოტნე დადიანმა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ტ. 4, თბ., 1973. ჟამთააღმწერელი, წგ: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008;

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, ნაწ. 1, თბ., 1982. (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).

რ. კიკნაძე