კოხტას ციხე

კოხტას ციხე, არქიტექტურული ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფ. დამალის აღმ-ით, მდ. მტკვრის მარჯვ. შენაკად კოხტასხევის ხეობაში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ციხე კლდოვან მთაზე დგას. ძლიერ დაზიანებულია. ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული ადგილ. ქვით. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 5 მ აღწევს, სისქე – საშ.1,5 მ. ციტადელის კედლებში, გარდა აღმ-ის კედლისა, დატანილია სხვადასხვა ზომის სარკმლები, რ-ებსაც, როგორც ჩანს, სათოფურებადაც იყენებდნენ. ციხეში შესასვლელი დას. კედელშია გაჭრილი. ციტადელის აღმ. კედლის ჩრდ-ის მხარეს აღმართული იყო ოთხსართულიანი კვადრატული ფორმის კოშკი, რ-ზეც სამხრ-იდან მიდგმული იყო ორსართულიანი ნაგებობა. ციხის ეს ერთადერთი კოშკი საცხოვრებლის ფუნქციასაც ასრულებდა. კოშკის პირველი სართული ყრუა – უკარო და უსარკმლო, სართულთშორისი გადახურვა კი ხის ძელების ყოფილა. კოშკს შესასვლელი მე-4 სართულზე ჰქონდა. ციხის მეორე, ანუ კოშკზე მიდგმული ნაგებობაც, ფორმით კვადრატს უახლოვდება. არის მოსაზრება, რომ ის ორსართულიანი ტაძარი-სამლოცველო უნდა ყოფილიყო. ციხეს გარშემოუყვებოდა გალავანი, რ-ისგანაც მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ციტადელის დას-ით დგას ძლიერ დაზიანებული ციხის თანადროული დარბაზული ტიპის ეკლესია. ნაგებია ქვითა და დუღაბით. არ არის შემორჩენილი კედლების დამუშავებული ქვის ფილების პერანგი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრ-ით და დას-ით. მისი შიგა სივრცე აღმ-ით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რ-ის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. დარბაზის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ეკლესიას ჩრდ-იდან, სამხრ-იდან და დას-იდან მინაშენები ეკვრის.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., გზები რუსთაველის, ეპოქისა საქართველოში, თბ., 1966; ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე–ჯავახეთში, თბ., 1992; ზაქარია პ., თბილისი, ბორჯომი, ვარძია, თბილისი, თბ., 1977; მისივე, ქართულ ციხე-სიმაგრეთა ისტორია, უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002; მელითაური კ., წინაფეოდალური და ადრეფეოდალური საქართველოს ციხეები, ტ. 2, თბ., 1971; ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013.

თ. გერსამია