.
კრავეიშვილი ბათუ (ბართლომე) ირაკლის ძე (16. XII. 1914, სამტრედია, – 14. VI. 1970, თბილისი), მომღერალი (ბარიტონი), პედაგოგი, საქართვ. სახ. არტისტი (1950). 1935 დაამთავრა მოსკ. სამედიცინო ინ-ტი, 1937 – თბილ. კონსერვატორია (პროფ. ე. ვრონსკის კლასი). ამავე წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1939–41 გამოდიოდა მოსკ. დიდი თეატრის სცენაზე. აქ მან წარმატებით შეასრულა მურმანის (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), მაზეპას, ელეცკის (პ. ჩაიკოვსკის „მაზეპა“, „პიკის ქალი“), ჟერმონის (ჯ. ვერდის „ტრავიატა“) პარტიები. 1941, თეატრის მსახიობთა ერთი ჯგუფი, მ. შ. კ., ევაკუირებული იყო თბილისში. ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე კვლავ თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში კ-მა შეასრულა ბარიტონის თითქმის ყველა წამყვანი პარტია ქართულ და საზღვარგარეთულ ოპერებში: კიაზო, მურმანი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), აბდუშაჰილი (ა. კერესელიძის „ბაში-აჩუკი“), გოჩა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), ელეცკი, ონეგინი, რობერტი (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ჟერმონი, ამონასრო (ჯ. ვერდის „ტრავიატა“, „აიდა“), თავადი იგორი (ი. ბოროდინის „თავადი იგორი“) და სხვ. კ-ს ჰქონდა ძლიერი, ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის ხმა, არტისტული ტემპერამენტი, ბრწყინვალე სცენური გარეგნობა. გადაღებულია ფილმებში: „დაკარგული სამოთხე“ (რეჟ. დ. რონდელი, 1938), „ქეთო და კოტე“ (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი, 1948). ეწეოდა წარმატებულ საკონცერტო მოღვაწეობას. 1958-იდან იყო თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი. ავტორია წიგნისა „დაუვიწყარი“ (თბ., 1970). მიღებული აქვს ლენინის ორდენი და სხვა სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: კრავეიშვილი გ., ქართული საოპერო ხელოვნების ვარსკვლავები „მუსიკა“ 2020, №4 (45); მჭედლიძე დ., ქართველ მომღერალთა სამი თაობა, თბ., 1968; ტორაძე გ., ჩემი უფროსი მეგობარი წგ: მუსიკის სამყაროში, თბ., 2010; წულუკიძე ა., „საქართველოს სახალხო არტისტი ბ. კრავეიშვილი წგ.: დაუვიწყარი, თბ., 1970.