კრამიტსამარხი, კრამიტისგან აგებული სამარხი. გავრცელებული იყო ანტიკურ სამყაროში ძვ. წ. III ს. – ახ. წ. III ს-ში. იშვიათად გვხვდება უფრო გვიანაც. დაკრძალვის ეს წესი ძვ. საბერძნეთიდან მომდინარეობს. ძვ. წ. III ს. კ-ები გათხრილია იონიის კ-ებზე. კ-ში დაკრძალვის წესი ელინისტურ ხანაშივე გავრცელდა მცირე აზიაში, ძვ. წ. I ს. დასასრულიდან კი – საქართველოშიც. I–III სს- ში მცხეთასა და მის მიდამოებში კ. სამარხთა ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ტიპი იყო. კ-ის ასაგებად იყენებდნენ ანტ. ხანის მცხეთურ კრამიტს (ბრტყელს და ღარისებრს, ხანდახან კეხის კრამიტსაც). კ-ს სახურავი ბანური ან ორფერდა ჰქონდა. განკუთვნილი იყო თითო მიცვალებულისთვის. გვხვდება წყვილის დაკრძალვის შემთხვევაც. ძვ. წ. I ს-ში ხელფეხმოკეცილ მიცვალებულს აწვენდნენ გვერდზე, შემდგომ – ზურგზე გაშოტილს თავით დას-კენ. კ-ების ინვენტარი მრავალფეროვანია (თიხის ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლები, ბეჭდები, საყურეები, მინისა და ქვის მძივები და სხვ.). გვხვდება როგორც განსაკუთრებით მდიდრული (მინისა და ბრინჯაოს ჭურჭელი, ოქროსთვლებიანი დიადემები, ბეჭდები, საყურეები და სხვ.), ისე მცირეინვენტარიანი სამარხები.
ლიტ.: აფაქიძე ა., ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, [წგ.] 1, თბ., 1963.
ი. გაგოშიძე