კრეპსი ბორის მიხეილის ძე

ბ. კრეპსი 

კრეპსი ბორის მიხეილის ძე (20. IX. 1913, თბილისი, – 21. XII. 1982, იქვე), კინოოპერატორი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1966). 1930-იდან მუშაობდა საქართვ. „სახკინმრეწვში“ მემონტაჟედ, ოპერატორის ასისტენტად. 1935 დაამთავრა კინოსტუდიასთან არსებული კინოსაოპერატორო კურსები. II მსოფლიო ომის დროს აშუქებდა ფრონტის ამბებს. 1935–75 საქართვ. ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიაში ოპერატორთა ჯგუფთან ერთად გადაიღო ფილმები: „ბასკები თბილისში“ (1937, რეჟ. ა. დანელიანი), „შოთა რუსთაველი“ (1938, რეჟ. შ. ჩაგუნავა), „დიადი აღრიცხვა“ (1939, რეჟ-ები: ი. კანდელაკი, შ. მარტაშვილი), „საქართველოს ბუნების ძეგლები და ნაკრძალები“ (1950, რეჟ. შ. მარტაშვილი), „ჩვენი სასახლე“ (1953, რეჟ-ები: თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე), „ფიროსმანი“ (1960, რეჟ. გ. შენგელაია), „გრიბოედოვი საქართველოში“ (1966, რეჟ-ები: დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟუნაძე), „კიბერნეტიკა მედიცინაში“ (1970, რეჟ-ები: დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟუნაძე) და სხვ. 1936-იდან მონაწილეობდა საქართვ. ალპური კლუბის ექსპედიციებში, რის შესახებაც გადაიღო ფილმები: „უშბა“ (1946, რეჟ. ვ. ვალიშვილი), „ყაზბეგი“ (1948, რეჟ. ვ. ვალიშვილი), „გმირული ტრავერსი“ (1950, რეჟ. შ. მანაგაძე), „პამირის მწვერვალთა დამპყრობნი“ (1955, ი. ამასიისკისთან ერთად, რეჟ. ზ. გუდავაძე), „მონტევიდეოს დღიური“ (1962), „მყინვართა ცხოვრება“ (1964, რეჟ. ო. ჭიაურელი), „ჭიდილი კლდესთან“ (1965, რეჟ-ები: თ. ნოზაძე, ლ. ცინცაძე), „კლდის ვეფხვი“ (1968, რეჟ. ო. გურგენიძე) და სხვ.

მ. კერესელიძე