კრიმანჭული

კრიმანჭული, თავისებურად მიმოქცეული, წვრილი, მაღალი ხმა ქართულ მრავალხმიან სიმღერაში; დამანჭული კრინი, იოდლის ქართული შესატყვისი. კ-ის სახელი მომდინარეობს კრინის დამანჭვა-დაგრეხისაგან. გავრცელებულია დას. საქართველოში, უპირატესად გურია-აჭარაში. ჟღერს მაღალ რეგისტრში და ახასიათებს სპეციფ. რიტმული ფიგურაციებით ხმის სხარტად და მოქნილად გარდატეხა ზედა ფალცეტიდან ქვედა ბგერაზე. ძირითადად სამ ბგერას მოიცავს. სიმღერაში კ-ის გამოყენება გარკვეულ კანონზომიერებას ემყარება: ის მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა ბანი ჰარმონიული ფუძის ფუნქციას კარგავს და განვითარებული მელოდიის შესრულებას იწყებს. შეიძლება ითქვას, რომ თავისი მრავალგზის განმეორებადი ორნამენტული ფორმულებით, ზემოდან აღადგენს სიმღერის ჰარმონიულ ფუძეს. ტრადიციულად კ-ის შესრულება მხოლოდ სპეციფიკური ხმის მქონე მამაკაცებს შეეძლოთ (ამჟამად ქალებიც ასრულებენ). კ-ის საუკეთესო შემსრულებლები იყვნენ: გ. ბაბილოძე, ა. მახარაძე, თ. ლომთათიძე, ა. ხუხუნაშვილი, დ. მდინარაძე, მ. შავიშვილი.

ლიტ.: მანჯგალაძე ქ., კრიმანჭულის ნაირსახეობები დასავლეთ საქართველოში, წგ.: ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 2005; სიხარულიძე ი., კრიმანჭულის ოსტატები, წგ.: ჩოხატაური წინათ და ახლა, I, თბ., 2008; ჩიჯავაძე ო., ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2009; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1990.