კრიმინალისტიკა

კრიმინალისტიკა (ლათ. kriminali – დანაშაულთან დაკავშირებული), მეცნიერება, რომელიც შეისწავლის და ადგენს დანაშაულთა გახსნისა და თავიდან აცილების სპეციალურ სამეცნიერო-ტექნიკურ საშუალებებს, ტაქტიკურ ხერხებსა და მეთოდებს. კ-ის უმთავრესი მიზანი და ამოცანაა საგამოძიებო-სასამართლო, საექსპერტო პრაქტიკის განზოგადების, საბუნებისმეტყველო და ტექნ. მეცნიერებათა მიღწევების გათვალისწინებით შექმნას და პრაქტიკაში დანერგოს ისეთი სამეცნ.-ტექნ. საშუალებები, ტაქტიკური ხერხები და მეთოდები, რ-თა სწორი, თანამიმდევრული გამოყენება საგამოძიებო-საპროკურორო და სასამართლო ორგანოებსა და ოპერატიულ მუშაკებს ხელს შეუწყობს ჩასწვდნენ ნებისმიერი დანაშაულის საიდუმლოებას და მოახდინონ მისი სწრაფი, სრული გახსნა, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, დანაშაულის აღკვეთა და თავიდან აცილება.

კ-ის განყოფილებებია: კრიმინალისტიკური მეთოდოლოგია, კრიმინალისტიკური ტექნიკა, კრიმინალისტიკური ტაქტიკა, დანაშაულთა გამოძიებისა და გახსნის ზოგადი და კერძო მეთოდიკა.

კრიმინალისტიკური მეთოდოლოგია შეისწავლის კ-ის საგნის ცნებასა და სისტემას, მიზნებსა და ამოცანებს; კვლევის საერთო და კერძო მეთოდებს; კ-ის განვითარების ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობას; კრიმინალისტიკურ იდენტიფიკაციასა და კ-ის კავშირს სხვა მომიჯნავე დისციპლინებთან.

კრიმინალისტიკური ტექნიკა შეისწავლის სპეციალურ სამეცნ.-ტექ. საშუალებებსა და მათი გამოყენების წესს; შესაბამისი ქიმიური, ბიოლ. და ფიზ. კვლევის მეთოდებს; სპექტრის უხილავ სხივებში მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და გამოკვლევის ხერხებსა და მეთოდებს; გამომძიებლისა და ოპერატიული მუშაკისათვის განკუთვნილ სამეცნ.-ტექ. საშუალებებსა და მათი გამოყენების წესს; კომპიუტერული ტექნ.და ბიომეტრიული მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას კრიმინალისტიკური მიზნებისათვის; ნაკლებად ხილვად და უჩინარ კვალთა აღმოჩენის, ფიქსაციის, გამოკვლევისა და შეფასების ისეთ სპეც. დამოუკიდებელ დარგებს, როგორიცაა: კრიმინალისტიკური ფოტოგრაფია; მოძღვრება კვალთა შესახებ; დაქტილოსკოპია; კრიმინალისტიკური ბალისტიკა; ხელნაწერებისა და დოკუმენტების ტექნიკურ-კრიმინალისტიკური გამოკვლევა; პიროვნების გარეგანი ნიშნებით გაიგივება; კრიმინალისტიკური რეგისტრაციის ცნება, სახეები, ხერხები და საშუალებები, საგნები და ობიექტები.

კრიმინალისტიკური ტაქტიკა ერთმანეთთან აკავშირებს კრიმინალისტიკურ ტექნიკასა და დანაშაულთა გახსნის მეთოდიკას. იგი უშუალოდ შეისწავლის და ადგენს კრიმინალისტიკური ტაქტიკის ცნებასა და კლასიფიკაციას; მოძღვრებას კრიმინალისტიკური ვერსიების აგება-შემოწმებისა და გამოძიების დაგეგმვის შესახებ; დანაშაულთა კრიმინალისტიკურ დახასიათებასა და საგამოძიებო სიტუაციას; საზ-ბის მონაწილეობის ფორმებსა და ტაქტიკას დანაშაულთა გახსნის საქმეში; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ძებნის ცნებას, სახეებსა და მისი წარმოების ტაქტიკას; დანაშაულის ჩადენაში მხილებული პირის (ეჭვმიტანილის) და ბრალდებულის დაკავებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ტაქტიკას; დაკითხვის ტაქტიკურ-ფსიქოლ. საფუძვლებს; ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების, ექსპერტიზის დანიშვნის, ამოსაცნობად წარდგენისა და შემოწმების ჩატარების ტაქტიკას. დანაშაულთა გახსნის ზოგადი მეთოდიკა შეისწავლის და ადგენს ზოგად კრიმინალისტიკურ რეკომენდაციებს, რ-ებიც გამოიყენება ყველა სახის დანაშაულის გამოძიებისა და გახსნის პროცესში. კერძოდ, დანაშაულთა გახსნის მეთოდიკის ცნებას, სტრუქტურას, მის არსსა და მნიშვნელობას, მისი განვითარების ისტორიას, გამოსაძიებელი შემთხვევის შემეცნების გზებსა და საშუალებებს; დანაშაულთა გახსნის მეთოდიკის პრინციპებსა და ზოგად დებულებებს და სხვ.

ცალკეული სახის დანაშაულთა გახსნის მეთოდიკა ცალ-ცალკე შეისწავლის და ადგენს ერთგვაროვან დანაშაულთა (კერძოდ, მკვლელობისა და გაუპატიურების, ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის, სამოხელეო და სხვ. საშიშ დანაშაულთა) გამოძიებისა და გახსნის მეთოდიკას.

კ-ის ყველა განყოფილება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და მთლიანობაში შეადგენს კ-ის სრულ კურსს.

ლიტ.: ფაფიაშვილი შ., კრიმინალისტიკა (ზოგადი ნაწილი). სახელმძღვ. თბ., 2013; მისივე, კრიმინალისტიკა (განსაკუთრებული ნაწილი). დანაშაულთა გამოძიებისა და გახსნის მეთოდიკა, სახელმძღვ. თბ., 2013; Курс криминалистики, Т. 1–3, СПб., 2004.

შ. ფაფიაშვილი