კრიმინოლოგია [ლათ. crimen (criminis) – დანაშაული და ბერძნ. – მოძღვრება], ადამიანთა გამოცდილების სისტემურ ერთიანობაზე დამყარებული მეცნიერება დანაშაულის, დამნაშავის, ნეგატიური სოციალური გამოხატულებებისა და დანაშაულებრივი ქმედების კონტროლის შესახებ. ტერმინი „კრიმინოლოგია“ 1879 დაამკვიდრა ფრანგმა ანთროპოლოგმა პ. ტოპინარმა. ექვსი წლის შემდეგ იტალიელმა იურისტმა რ. გაროფალომ ეს სიტყვა გამოიყენა ცნების მნიშვნელობით და თავისი წიგნის „criminologie“ სათაურად. კრიმინოლოგიური კვლევა დაფუძნებულია სისტემატურად შეგროვილ გამოცდილებაზე. კ., როგორც მეცნიერება, შეიძლება სამი ძირითადი ცნებით გამოიხატოს: დანაშაული, დამნაშავე და დანაშაულის კონტროლი. ამ სამ სფეროში იგულისხმება აგრეთვე დანაშაულის მსხვერპლი და ჩადენილი დანაშაულის პროფილაქტიკა, ასევე დანაშაულის თავიდან აცილების ღონისძიებების შემუშავებაში ხელშეწყობა. კ. არანორმატიული, ემპირიულ კვლევებზე დამყარებული მეცნიერებაა. ემპირიულ კრიმინოლოგიურ კვლევას საფუძველი ჩაუყარა იტალიელმა ექიმმა ჩ. ლომბროზომ. კ-ის ამოცანაა დანაშაულობის მიზეზების, პირობების შესწავლა, მისი პრევენციის ღონისძიებების დასახვა თავისი სპეციფიკით, ხერხებით, სპეც. მეთოდიკის გამოყენებით, რაც სცილდება სისხლის სამართლის მეცნ. ფარგლებს, ამის გამო კ. სპეც. მიმართულებით ვითარდება. თუ სისხლის სამართალი ნორმებზეა ორიენტირებული, კ. ემპირიული, არანორმატიული მეცნიერებაა, რ-იც ადამიანთა გამოცდილებაზეა დამყარებული. ამდენად კრიმინოლოგიური კვლევის დროს ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონათესავე მეცნიერებათა მეთოდებს, რადგან არ გააჩნია საკუთარი კვლევის მეთოდები.
კ. ინტერდისციპლინური დარგია, რ-იც დაეფუძნა სხვადასხვა დარგის მეცნიერებაში დაგროვილ ცოდნას ადამიანისა და მისი ქცევების შესახებ. სისხლის სამართალთან ერთად კ. ემყარება სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას, ფსიქიატრიას, ნეირობიოლოგიას, კრიმინალისტიკას.
დანაშაული ყველა დროის ყველა საზ-ბაში იყო ბუნებრივი და გარდაუვალი სოც. ფენომენი. იგი როგორც ცოცხალი ორგანიზმი, სახელმწიფოების განვითარების კვალდაკვალ იცვლიდა და იძენდა ახალ ფორმებს. მართალია, კრიმინოლოგები ვერასდროს მოსპობენ დანაშაულს, ისევე როგორც ექიმები სიკვდილს, თუმცა შესაძლებელია შეამცირონ თანამედროვე კრიმინალური გამოწვევების სიმძიმე. ესაა კ-ის პრაქტიკული მნიშვნელობა.
ლიტ.: ერიაშვილი ნ., კრიმინოლოგია, სახელმძღვ., თბ. 2007. შალიკაშვილი მ., კრიმინოლოგია, თბ., 2011; მისივე, კრიმინოლოგია სახელმძღვ., თბ. 2017; წულაია ზ., კრიმინოლოგია (ზოგადი ნაწილი), თბ. 2003.
მ. შალიკაშვილი
ი. უჯმაჯურიძე