კრიპტოლემუსი

კრიპტოლემუსი

კრიპტოლემუსი (Cryptolaemus montrouzieri), ხოჭო ჭიამაიების ოჯახისა. ცრუფარიანების ბუნებრივი გამანადგურებელია. მისი სამშობლოა ავსტრალია. საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში, 1933 შემოიყვანეს ციტრუსოვანთა ფქვილისებრი ცრუფარიანას გასანადგურებლად. დედალი კ. ცრუფარიანას კვერცხსადებში 300-მდე კვერცხს დებს. ახალგამოჩეკილი მატლი ჭამს ცრუფარიანას კვერცხებს, მოზრდილი მატლი და ხოჭო კი – ცრუფარიანას და მის მატლებს. კ. წელიწადში 3 თაობას იძლევა (აფხაზეთი). ზამთარში ამრავლებენ ლაბორატორიაში კარტოფილის ღივებზე, შემდეგ კი ცრუფარიანას პირველი კვერცხმდებელი თაობის გამოჩენისთანავე უშვებენ ბაღებსა და პლანტაციებში.