კრიხი, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ზემო კრიხის, შუა კრიხისა და ქვემო კრიხის გავრცელებული სახელწოდება.
კ. წერილობით წყაროებში პირველად XI ს-იდან გვხვდება. კ-ის მთავარანგელოზის ეკლესიის წარწერაში ვკითხულობთ: „ქ. სახელითა ღვთისათა ესე ჴელი დავწერეთ ჩვენ კრიხმან სოფელმან“. ეს ეკლესია ზემო კ-ში დგას. ი. გიულდენშტედტს დასახელებული აქვს ზემო კ. და ქვემო კ. ვახუშტი ბაგრატიონის შესაბამის რუკებზე კ-ში მოცემულია აზნაურის ციხე-დარბაზი, ეს უნდა იყოს კვიტაშვილთა ერთ-ერთი ციხე-დარბაზი, რ-იც 1733 წინა ხანებში დარისპან კვიტაშვილს შეუწირავს ბიჭვინთის საკათოლიკოსო კათედრისათვის.
ლიტ.: ბერაძე თ., რაჭა, თბ., 1983; გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1962; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.4, თბ., 1973.
თ. ბერაძე