კრობანი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ქარელის მუნიციპალიტეტში (კეხიჯვრის თემი), თრიალეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ძამის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 910 მ, ქარელიდან 8 კმ. 39 მცხ. (2014).
სოფელი შედგება სამი უბნისაგან: გაბაანთ უბანი, გაბარაანთ უბანი და კ. სოფელი დღეს უმეტესად ოსებითაა დასახლებული.
კ-ის სამხრ-ით, დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე ეკლესიის ნანგრევია. შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ნაშთი. აქ სამარხის გაჭრისას აღმოჩნდა ქვევრები.
კ. ვახუშტი ბატონიშვილს მოხსენიებული არ აქვს. მხოლოდ XVII ს. საბუთში ვხვდებით სოფ. კრობას, საიდანაც ირკვევა, რომ პაპუნა ციციშვილს ედიშერთან გაყრისას კრობაში ერგო დომელა ლოლისაშვილი მამულითურთ. როგორც ჩანს, კ-ს წინათ კრობა ერქვა.
ი. ტატიშვილი