კროხინი ოლეგ ნიკოლოზის ძე (14. III. 1932, მოსკოვი, – 20.XII. 2022, იქვე), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (2000). რუსეთის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (2000), საქართვ. მეცნ. აკად. უცხოელი წევრი (2002). დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი (1955). 1956–59 მუშაობდა ქ. სნეჟინსკის (რუსეთი) ბირთვულ ცენტრში ინჟინრად, შემდეგ – პ. ლებედევის სახ. ფიზ. ინ-ტში (ФИАН; 1994–2004 – დირექტორი), ამავე დროს იყო მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკის ინ-ტის მყარი სხეულისა და ნანოსისტემების კათედრისა და ნახევარგამტარული კვანტური ელექტრონიკის კათედრის პროფესორი.
კვლევის ძირითადი მიმართულებაა: ლაზერებისა და პლაზმის ფიზიკა. ნ. ბასოვის ხელმძღვანელობით მუშაობდა პირველი ლაზერის შექმნაზე (1961), დაასაბუთა ლაზერული თერმობირთვული სინთეზის შესაძლებლობა (1962); შექმნა თერმობირთვული ლაზერული სინთეზისათვის პირველი მძლავრი დანადგარებისა და შესაბამისი სამიზნეების ტექნოლოგიური ლაბორატორია.
კ. არის ლენინური (1964) და სსრკ სახელმწ. (1982) პრემიების ლაურეატი.