კრწანისის ბრძოლა 1795, ბრძოლა ქართლ-კახეთისა და ირანის ლაშქარს შორის, თბილისთან, კრწანისის ველზე. მას შემდეგ, რაც აღა-მაჰმად-ხანი ირან. სრული მბრძანებელი გახდა, ერეკლე II-ს ირანთან ძვ. ვასალური დამოკიდებულების აღდგენა და რუსეთთან სამხ.-პოლიტ. კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. რთულ ვითარებაში ერეკლე II-მ რუს. მხარეს რამდენჯერმე მიმართა სამხ. დახმარებისთვის. სექტ. დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი მთავარი ძალებით (დაახლ. 35 ათ. კაცი) საქართველო-სკენ დაიძრა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდ. კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე დაბანაკდა. ირანელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები – მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. რუსეთის მოიმედე ერეკლე II ბრძოლისათვის მოუმზადებელი აღმოჩნდა და სახელდახელოდ ძლივს მოხერხდა დაახლ. 3 ათ. კაცის შეგროვება. ამას ემატებოდა იმერეთის მეფის, სოლომონ II-ის 2 ათ. კაცი. 8 სექტ. სამხ. თათბირზე უმრავლესობა ითხოვდა ჯარისა და არტილერიის თვით ქალაქში გადაყვანას (რ-საც გალავანი ერტყა) და შიგ გამაგრებას. უმცირესობა კი, რ-საც მეფე ერეკლე II-ც ემხრობოდა, მოითხოვდა თბილ. ბუნებრივი რელიეფის გამოყენებას, რათა მტრის ჭარბი ძალებისათვის გაშლისა და ბრძოლაში ჩაბმის საშუალება არ მიეცათ. ამ გეგმის მიღების შემდეგ, წინააღმდეგობის გასაწევად გააშენეს ხელოვნური ნაგებობები და სანგრები. ქართველთა სარდლობამ ლაშქარი სეიდაბად-მტკვრის ვიწროებში დააბანაკა. მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი მეთაურობდა, მარჯვ. ფრთას – დავით ბატონიშვილი (გიორგი XII-ის ძე), მარცხენას – იოანე მუხრანბატონი, ცენტრს და საერთო ფრონტს – ერეკლე II. ცენტრის უკან მარქაფში 2 რაზმი იყო, რ- თაც ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი და ოთარ ამილახვარი სარდლობდნენ. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ლაშქარი 14 რაზმად დაყო და მოპირდაპირე მხარეს – შავნაბადას, თელეთისა და კრწანისის მიდამოებში – განალაგა. ჯარის ზურგში თურქმანთა 6 ათასიანი რჩეული რაზმი ჩააყენა, რ-საც შემტევი ნაწილების უკან დახევის შემთხვევაში ცეცხლი უნდა გაეხსნა. 9 სექტემბერს, დილით, ქართველთა ნაწილების დასაზვერად და ხელსაყრელი პოზიციებიდან გამოსატყუებლად ირანელთა ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე ახლოს მიუშვა, შემდეგ კი ერთბაშად ცეცხლითა და მოულოდნელი იერიშით უკუაქცია. 10 სექტემბერს მტრის მეწინავე რაზმმა (3 ათ. კაცი) ძლიერად შეუტია ქართველთა გამაგრებულ ხაზს ტაბახმელასა და შინდისს შორის. ამ ბრძოლებში ქართველებმა გაიმარჯვეს. გადმოცემით, პირველი ბრძოლით დაშინებული აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით გაპარულმა ირანელთა ჯაშუშმა შაჰი ქართველთა სისუსტეში დაარწმუნა. 11 სექტემბერს, დილის 7 საათზე, ირანის ლაშქარი მტკვარ-შავნაბადას ვიწროებით თბილისისკენ დაიძრა და საათ-ნახევრის შემდეგ ქართველთა საბრძოლო დაცვის პირველ პოზიციას შეუტია. ძლიერი შეტევის მიუხედავად, ქართველებმა მტერს ფრონტის ცენტრ. ხაზის გარღვევის საშუალება არ მისცეს. მაშინ აღა-მაჰმად-ხანმა ქართველთა ჯარის ზურგიდან შემოსავლელად და უკანდასახევი გზის მოსაჭრელად თელეთის მიმართულებით 5 ათ. კაცი გაგზავნა. ქართველთა ლაშქარმა ეს შეტევაც მოიგერია, მაგრამ მტრის გაძლიერებული ავანგარდის შეტევისა და არტილერიის ცეცხლის შემდეგ იძულებული გახდა თავდაცვის მეორე პოზიციაზე გადასულიყო. ამ პოზიციის გადალახვისას ირანელებმა ერთ საათში რამდენიმე ასეული მებრძოლი დაკარგეს, მაგრამ მათ ბრძოლაში ახალ-ახალი ძალები შეჰყავდათ. ერეკლე II-მ მეწინავეებს ვახტანგ ბატონიშვილისა და სხვა რაზმებიდან ამორჩეული ქიზიყელთა, არაგველთა და თუშ-ფშავ-ხევსურთა ძალები მიაშველა. მათვე შეუერთდა თბილისის მოსახლეობის რაზმი, რ-საც სასახლის მსახიობთა დასის მეთაური მაჩაბელა ედგა სათავეში. მტერი თელეთის მხრიდან შავნაბადის ქედზე გადმოვიდა და მოულოდნელად შეუტია ქართველთა მარჯვენა ფრთას. დავით ბატონიშვილის რაზმმა არტილერიის ცეცხლით უკუაქცია იგი. აღა-მაჰმად-ხანმა ადიდებული მტკვარი გადალახა და იქიდან დაათვალიერა ქართველთა პოზიციები. ქართველთა სარდლობამ მტრის ეს მანევრი ზურგიდან შემოვლის საშიშროებად მიიჩნია, ჯარმა უკან დაიხია და მეორიდან მესამე თავდაცვის სანგარში მყოფ ჯარებს შეუერთდა. მოღალატეთა დახმარებით შაჰი მოსახერხებელი ფონით უკანვე გადავიდა მტკვარზე და ზურგში მოექცა იოანე ბატონიშვილის მეწინავე რაზმს, რ-მაც ვახტანგ ბატონიშვილის დახმარებით გაარღვია ალყა და ძირითად ნაწილებს შეუერთდა. ირანელთა მეწინავე ნაწილები სეიდაბადის ბაღებში შეიჭრნენ, მაგრამ ქართველთა ჯარი კლდეებიდან კონტრშეტევებით იგერიებდა მტერს. იმ მომენტში, როცა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისაგან ერთი პატარა ხიდი და ბაღნარები ყოფდათ, სეიდაბადის სამხრ. კალთებიდან შეტევაზე გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილის 2-ათასიანი რაზმი, რ-ის ამოცანა ირანელთა ჯარის შუაზე გაკვეთა იყო. მტერმა მთავარი ძალები ამ რაზმის უკუგდებაზე მიმართა. ამ დროს ერეკლე II-მ კონტრშეტევაზე გადასვლა ბრძანა, მაგრამ მძიმე ბრძოლებში ქართველთა ისედაც მცირე ძალები თანდათან ამოიწურა და მათ უკან დახევა დაიწყეს. ქართველთა ჯარი თავის პირველ პოზიციას დაუბრუნდა და იქ სცადა გამაგრება. ამავე დროს კრწანისის მაღლობიდან მტერმა ქართველთა ლაშქარს ზარბაზნებიდან ცეცხლი დაუშინა. უეცარი იერიში მიიტანეს დავით ბატონიშვილის რაზმზე. ქართველებისათვის ზურგიდან შემოსავლელი და უკანდასახევი გზის მოსაჭრელად რამდენიმე ასეულისაგან შემდგარი ცხენოსანთა რაზმი შინდისის მიმართულებით გაიგზავნა. მტრის ეს მანევრი ქართველთა სარდლობამ შენიშნა და იმერელთა ათასეულის მეთაურისა და არტილერიის უფროსის, გიორგი გურამიშვილის გასაფრთხილებლად შიკრიკი გაიგზავნა, მაგრამ იგი გზაში მოკლეს. ერთი საათის ბრძოლის შემდეგ ქართველთა ლაშქარი მესამე სანგრიდან მეოთხეში გადავიდა, აქაც ერთი საათი იბრძოდა და შემდეგ უკან დახევა დაიწყო. დღის მეორე ნახევარში აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თავისი რეზერვები ბრძოლაში ჩააბა და ქართველებს დევნა დაუწყო. ქართველთა მეზარბაზნეებმა მოახერხეს მტრის შეტევის დროებით შეკავება. მცირე ხნის შემდეგ მტერი ქალაქში შეიჭრა. თითქმის ალყაშემორტყმული ერეკლე II საკუთარმა შვილიშვილებმა მძიმე განსაცდელისაგან იხსნეს და ქალაქისკენ იწყეს უკან დახევა – მეფემ და მისმა 150-მდე მხედარმა თბილისზე გავლით საგურამოსკენ გასწია და ბოლოს თავი მთიულეთს შეაფარა. საღამოს მტრის ჯარი ქალაქს შეესია და ცეცხლის ალში გაახვია. ქალაქში მოსახლეობამ ხელჩართული ბრძოლა გაუმართა მომხდურებს. მტერმა გაძარცვა და მიწასთან გაასწორა მეფის სასახლე, ეკლესიები, სასახლეები, სტამბა, ცეცხლს მისცეს წიგნსაცავები, გაიტაცეს სამეფო კვერთხი, გვირგვინი, დროშა და სხვ., დაანგრიეს თბილ. ცნობილი აბანოები. მოკლულთა რაოდენობა ორივე მხრიდან დაახლ. 20 ათ. აღწევდა. მათი ნაწილი დაუმარხავი დარჩა, რამაც ქალაქში ეპიდემიის აფეთქება გამოიწვია. ამას დიდი შიმშილობაც დაერთო. მოსახლ. დიდმა ნაწილმა მიატოვა ქალაქი და საქართველოსა და ჩრდ. კავკასიის სხვადასხვა მხარეს გაიხიზნა. დიდი იყო მტრის მიერ წაყვანილ ტყვეთა რაოდენობაც. ტყვეთა გამოსყიდვა კი, სიძვირის გამო, ძალიან ჭირდა. აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი მალევე დატოვა.
ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა თბილისის დემოგრაფიული სტრუქტურა და ეთნ. შემადგენლობა. ნგრევა იმდენად დიდი იყო, რომ ქალაქმა ნახევარი საუკუნის შემდეგაც ვერ შეძლო თავისი წინანდელი მდგომარეობის აღდგენა.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., ჯავახიშვილი ივ., ჯანაშია ს., საქართველოს ისტორია, ნაწ. 1, თბ., 1948; გურული ვ., საქართველო და რუსეთი. მფარველობიდან ანექსიამდე, თბ., 1910; დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია. – ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941; კაკაბაძე ს., კრწანისის ომი, თბ., 1910; ლ ე ნ გ ი დ., საქართველოს სამეფო ბოლო წლებში, თბ., 2003; პ ე ტ რ ი ა შ ვ ი ლ ი თ., კრწანისის ბრძოლა, თბ., 2016; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVII–XIX სს. ა. იოსელიანის გამოც., თბ., 1980; სურგულაძე ა., სურგულაძე პ., საქართველოს ისტორია, თბ., 1991; ქიქოძე გ., ერეკლე მეორე, თბ., 1958; შაიშმელაშვილი ი., კრწანისის ომი, თბ., 1965; ცინცაძე ი., აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე (1795 წ.), თბ., 1963; ჯამბაკურ-ორბელიანი ა., აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქ. ტფილისში, ტფ., 1895;
გ. ნარსია