კუები

ხმელთაშუაზღვის კუ
კასპიური კუ

კუები (Testudines), ქვეწარმავალთა რიგი. სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვან ჯავშანში, რ-იც შედგება ამობურცული ზურგის ბაკნისა (კარაპაქსი) და უფრო ბრტყელი მუცლის ფარისაგან (პლასტრონი). ორივე ფარი ერთმანეთთან მოძრავად ან უძრავადაა დაკავშირებული. ჯავშანს ქმნის მალების გაფართოებული წარზიდული მორჩები და ნეკნები, აგრეთვე კანის გაძვალებანი.ლავიწი და მკერდის ძვალი შესულია მუცლის ფარის შედგენილობაში. კ-ის უმრავლესობას ჯავშანი დაფარული აქვს რქოვანი ფირფიტებით ან ფარებით, ზოგიერთებს – კანით. კბილები არა აქვთ. ყბების ბოლოები დაფარულია რქოვანი შალითით. კისერი მოძრავია. აქვთ 2 ანალური ბუშტი, რ-იც წყლით ივსება და გამოიყენება დამატებითი სუნთქვის ორგანოდ (წყლის ფორმებში), აგრეთვე გრუნტის დასარბილებლად კვერცხის დების დროს. კიდურების კუნთები კარგად აქვთ განვითარებული, ტანისა კი თითქმის გამქრალია. ზურგის ტვინი თავის ტვინზე უკეთესად არის განვითარებული. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები. ტანად ყველაზე დიდია კ-ის ზღვის ფორმები (სიგრძე 2  მ, მასა 400 კგ აღწევს). კ. გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა). ყველაზე ბევრია ტროპიკებში, ცივ სარტყელში არ გვხვდება. კ-ის ნაწილი ხმელეთზე ბინადრობს. ზღვის კ-ის შებრტყელებული ფორმის კიდურები ფარფლებს მოგვაგონებს. ზოგი სახეობა წყალხმელეთა ქვეწარმავალია. ხმელეთის კ. ძირითადად იკვებება მცენარეულობით, წყლის ფორმები – ცხოველებით (უხერხემლოები, თევზები). ყველა კუ კვერცხმდებია, დებს 1–160 კვერცხს. თანამედროვე -ს ყოფენ 4 ქვერიგად და 250-მდე სახეობად.

საქართველოში გვხვდება მათი სამი სახეობა: ხმელთაშუა ზღვის კუ (Testudo graeca) გავრცელებულია აღმ. საქართველოს ველისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში; ჭაობის კუ (Emys orbicularis) გვხვდება მთელი საქართველოს წყალსატევეებში; კასპიური კუ (Clemmys caspica) ბინადრობს აღმ. საქართველოს წყალსატევებში (ხშირად ჭაობის კ-თან ერთად). კ. დიდხანს ცოცხლობენ, ზოგი ფორმა 200 წელს და მეტს ძლებს. მის ხორცსა და კვერცხს მაღალი საკვები ღირებულება აქვს. ჯავშნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას.

თ. მუსხელიშვილი