კუზნეცოვა ოლგა ვლადიმერის ასული (დ. 4. VII. 1928, თბილისი), საოპერო მომღერალი (ლირიკული სოპრანო), საქართვ. სახ. არტისტი (1967). 1956 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. თ. სავანოვას კლასი), ამავე წლიდან იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.
კ-მ შეასრულა სოპრანოს თითქმის ყველა წამყვანი პარტია ქართ. და კლასიკური რეპერტუარებიდან: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), შორენა (შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“), ნინო ჭავჭავაძე (დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“), მზია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), ლიზა, ტატიანა, იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), მიმი, ტოსკა (ჯ. პუჩინის „ბოჰემა“, „ტოსკა“), მიქაელა (ჟ. ბიზეს „კარმენი“), დეზდემონა, აიდა, ლეონორა (ჯ. ვერდის „ოტელო“, „აიდა“, „ტრუბადური“) და სხვ. მის შესრულებას ახასიათებდა მაღალი ვოკალურ-სცენური ოსტატობა. 1969–75 მოსკ. დიდი თეატ. სოლისტი იყო, 1980-იდან – თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი. 2001- იდან საცხოვრებლად გადავიდა სანქტ-პეტერბურგში.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
ლიტ.: ზურაბიშვილი დ., ოლღა კუზნეცოვა, „საბჭოთა ხელოვნება“, 1967, №12