კუზნეცოვი ერასტი დავითის ძე (დ. 29.V.1933, თბილისი), ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) უნ-ტის ისტ. ფაკ-ტი (1956). მოღვაწეობდა იქვე. მისი სამეცნ. კვლევის ძირითადი სფეროა რუს. XX ს. წიგნის ხელოვნ. ისტორია. საფუძვლიანად შეისწავლა „მირ ისკუსსტვოს“, ფუტურისტების, „პეტროგრადის“ გამფორმებელთა სკოლის, 20–30-იან წლებში გამოცემული საბავშვო წიგნების ლენინგრადელ მხატვართა მოღვაწეობა. 1957-იდან მუშაობდა მ. ე. სალტიკოვ-შჩედრინის სახ. სახელმწ. საჯარო ბ-კაში, 1960–69 იყო გამომცემლობა „რსფსრ მხატვრის“ რედაქტორი, 1969–79 – გამომც. „ისკუსტვოს“ ლენინგრადის განყ-ბის მხატვრული რედაქტორი და სხვ. ამავე დროს კ. იკვლევდა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას, რ-საც სხვადასხვა წლებში მიუძღვნა არაერთი მონოგრაფიული ნაშრომი (1975, 1984, 2001, 2012, 2015).