კულეში ნიკიფორე ემილიანის ძე (1877 – 7. IV. 1942, თბილისი), მხატვარი. სპეც. განათლება არ მიუღია. მუშაობდა სცენოგრაფიისა და პეიზაჟის დარგში. XX ს. დასაწყისში თბილისში დამკვიდრდა. გაფორმებული აქვს შემდეგი სპექტაკლები: „ეგორ ბულიჩევი და სხვები“ (გრიბოედოვის სახ. რუს. თეატრი,1933); „რახილი“ (ოპერისა და ბალეტის თეატრი, 1936, ი. ფარაჯანოვთან ერთად); „აჯილდა“, „ცხოვრება გვიკარნახებს“, „ოქროს ვერძი“ (სანკულტურის თეატრი, 1937–38; გ. გოცირიძესთან ერთად); „პატიოსნებისათვის“ (სომხ. დრამის თეატრი, 1939) და სხვ. სავარაუდოდ, კ. თბილ. ოპერის თეატრში იმ წლებში მოღვაწეობდა, როდესაც თეატრის სცენაზე დადგეს პირველი ქართული ოპერა (XX ს. 10–20-იანი წწ. მიჯნა). ამავე წლებში კ-მა დაიწყო საგანგებო პავილიონის მშენებლობა (კ. ფოცხვერაშვილთან ერთად), რათა გამოეფინა 1914 შეძენილი ცნობილი სურათი-პანორამის, ე. წ. პიგლჰეინის „გოლგოთის“ საავტორო ასლი. მშენებლობა შეაჩერა საბჭ. ხელისუფლებამ.
კ-ის ნამუშევრები დაცულია საქართვ. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. მუზეუმსა და კერძო კოლექციაში.
თ. გერსამია