კულიჯანოვი ლევ ალექსანდრეს ძე

ლ. კულიჯანოვი 

კულიჯანოვი ლევ ალექსანდრეს ძე (19. VIII. 1923, თბილისი, – 17. II. 2002, მოსკოვი), რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, პედაგოგი. სოციალ. შრომის გმირი (1984); რსფსრ (1969) და სსრკ სახ. არტისტი (1976), რსფსრ ხელოვნების დამს. მოღვაწე (1964). 1948–55 სწავლობდა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტზე (ს. გერასიმოვის და თ. მაკაროვას სახელოსნო). მუშაობდა მ. გორკის სახ. კინოსტუდიაში. გადაიღო ფილმები: „სახლი, რომელშიც ვცხოვრობ“ (ი. სეგელთან ერთად, 1957), „მამისეული სახლი“ (1959, მინსკის საკავშ. კინოფესტივალის II პრემია, 1960), „როცა ხეები დიდი იყო“ (1962), „ცისფერი რვეული“ (1969), „დანაშაული და სასჯელი“ (თ. დოსტოევსკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, 1970; ძმები ვასილიევების სახ. რსფსრ სახელმწ. პრემია, 1971), „კარლ მარქსი, ახალგაზრდობის წლები“ (ტელესერიალი, 1980; ლენინური პრემია, 1982), „სიკვდილი საშიში არ არის“ (1991), „ცისანები“ (1994) და სხვ. 1963–64 იყო სსრკ სახკინოს მხატვრული ფილმების მთ. სამმართველოს უფროსი, 1965–86 – სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის პირველი მდივანი; 1970–95 – კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო სახელოსნოს ხელმძღვანელი, რეჟისურის კათედრის გამგე (1985-იდან), სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსების პედაგოგი.

თბილისის საპატიო მოქალაქე (1983).

მ. კერესელიძე