კულტი

კულტი (ლათ. Cultus – თაყვანისცემა), ზებუნებრივის რწმენასთან დაკავშირებული მოქმედებების, წეს-ჩვეულებების, რიტუალების ერთობლიობა. კ. ნებისმიერი რელიგიის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, რაც გამოიხატება განსაკუთრებულ მაგიურ წესებში, მღვდელმსახურთა და მორწმუნეთა მოქმედებაში ზებუნებრივ ძალებზე სასურველი მოქმედების მოსახდენად. სხვა მნიშვნელობით კ. წარმოადგენს რაიმე საგნის სიმბოლოს, ნიშნის, ბუნების ძალის თაყვანისცემასა და პატივისცემას. ამით ის ახლოს დგას რელიგიის ცნებასთან; ასევე უკავშირდება კულტურის ცნებას, რადგან კ-ის გზით ადამიანი ახდენდა სამყაროს კლასიფიკაცირებას, ყოფაში შემოჰქონდა წესრიგი და ფასეულობები.

არსებობს კ-ის სხვადასხვაგვარი კლასიფიკაცია. გამოყოფენ გვაროვნულ და ტომობრივ, წინაპრების, მცენარეთა, ცხოველთა, ბუნების მოვლენების, ასევე უსულო საგნების (მთა, კლდე, მდინარე) კ-ს. არსებობს ციურ სხეულთა (სოლარული, ლუნარული, ასტრალური და სხვ.) და უმაღლესი ხელისუფლების (ფარაონის, იმპერატორის და ა. შ.) კ-ები. კონკრეტულად კ. რელიგიური რიტუალია, რ-იც დაკავშირებულია ღვთისმსახურებასთან, ლოცვასთან, წეს-ჩვეულებასთან და სხვ. საკულტო პრაქტიკა ყველა რელიგიაში გარკვეული წესებითაა რეგლამენტირებული. იგი სრულდება როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად. ზოგადად კი კ-ში მოიაზრება მცირე, მაგრამ აქტ. რელიგ. მოძრაობა, ჩვეულებრივ ახალწარმოქმნილი, რ-საც ქარიზმატული ლიდერი ხელმძღვანელობს. კ-ის სახელით იხსენიება ზოგიერთი ლოკალური სინკრეტული რელიგ. მოძრაობაც.

ლიტ.: ა ბ ა კ ე ლ ი ა  ნ., სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997; თ ო ფ ჩ ი შ ვ ი ლ ი  რ., ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი  ქ., გ უ ჯ ე ჯ ი ა ნ ი  რ., თეორიული ეთნოლოგია, თბ., 2010; კიკნაძე ზ., ჯვარი და საყმო, I, ქუთ., 1996.

ზ. ეკალაძე

გ. ჩინჩალაძე