კულტურიზმი, ბოდიბილდინგი (ინგლ. Bodybuilding – სხეულის შენება), სხეულის კუნთების მიზანმიმართული განვითარება სხეულის ესთეტიკის შენარჩუნებით. ბოდიბილდინგის მიმდევარს ეწოდება ბოდიბილდერი (კულტურისტი). ბოდიბილდინგში ტარდება შეჯიბრებები, მაგ., „მისტერ ოლიმპია“, სადაც სპორტსმენი წარმოაჩენს თავის სხეულს და ფასდება ქულებით ჟიურის მიერ. „მისტერ ოლიმპიაში“ გამარჯვებული ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანად. „მისტერ ოლიმპიას“ ატარებს ბოდიბილდინგის საერთაშ. ფედერაცია, მსოფლიოში ცნობილი კულტურისტები არიან რ. კოლემანი, ლი ჰეინი და ა. შვარცენეგერი და სხვ.
საქართველოში ბოდიბილდინგის ისტორია იწყება 1958-იდან, როდესაც რამდენიმე ენთუზიასტმა ვარჯიში დაიწყო (ე. კოპლატაძე, ე. ბროლაძე-წერეთელი, ა. რეპიჩევი, კ. მაცაბერიძე). იმ დროს ინფორმაცია სპორტის ამ სახეობის შესახებ თითქმის არ მოიპოვებოდა, რადგან სსრკ- ში კ. „ბურჟუაზიულ სპორტად“ ითვლებოდა და აკრძალული იყო. 1987 სსრკ-ში დაუშვეს ბოდიბილდინგი, როგორც სპორტის დამოუკიდებელი სახეობა. იმავე წელს საქართველოში დაფუძნდა ბოდიბილდინგის ფედერაცია (ამჟამად – ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაცია), რ-ის პრეზიდენტადაც კ. მაცაბერიძე აირჩიეს. 1988 თბილისში გაიმართა საქართვ. თასის პირველი ოფიციალური გათამაშება (გაიმარჯვა დ. რაზმაძემ). 1990-იდან ტარდება საქართვ. ჩემპიონატი (პირველი ჩემპიონები სხვადასხვა წონაში იყვნენ გ. ბასიაშვილი, ი. ყარსიმაშვილი, დ. რაზმაძე, გ. ქუშაშვილი). 1993 საქართვ. ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაცია საერთაშ. ფედერაციის წევრი გახდა. ევროპის ჩემპიონი კლასიკურ ბოდიბილდინგში გახდა ი. გაგუა (2014), საერთაშ. სარბიელზე წარმატებით ასპარეზობენ თ. ბოჭორიშვილი, ლ. გობეჯიშვილი, ი. კორინთელი, ტ. ჯოგლიძე.
კ. მაცაბერიძე