კუმისი, სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კ., ახალი კუმისი). კუმისის ტბის ჩრდ.-დას-ით, თბილისი–მარნეულის საავტ. გზაზე. ზ. დ. 560 მ, გარდაბნიდან 41 კმ, კუმისიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6 კმ. 1,9 ათ. მცხ. (2014).
კ-ის გავლენით იგივე სახელი ეწოდა მასთან მდებარე გორასა და ტბას, რ-ებიც ხშირად იხსენიება ისტ. წყაროებში.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით კ. იყო „დაბა დიდი“, ე.ი. დიდი სოფელი. ისტ. საბუთებში იხსენიება XV ს-იდან, როგორც საბარათიანოს ერთ-ერთი სოფელი. XVII–XVIII სს-ში ეკუთვნოდა სოლოღაშვილებს. სოფ. კ-ის განაპირას 1487 ქართველთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა თურქმანთა ჯარი (იხ. სტ. კუმისის ბრძოლა 1487).
სოფ. კ-ის ჩრდ-ით, მაღალი კლდის თავზე, დგას შუა საუკუნეების კუმისის წმ. სამების ეკლესია. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია აგურით. განახლებულია 1846, რაზეც მიუთითებს ეკლესიის დას. კედელში ჩადგმული მარმარილოს ფილაზე შესრულებული წარწერა. 1968 ეკლესია დაანგრიეს. 1996 დაიწყო მისი აღდგენა, რ-ის დროსაც იგი მნიშვნელოვნად გადაკეთდა – შეიცვალა მისი პირვანდელი სახე და მთლიანად მოიხატა. ეზოში აშენდა სამონასტრო ნაგებობები და სამრეკლო. ეკლესიის შიდა სივრცესა და ეზოში დაცულია ფალავანდიშვილთა და ორბელიანთა საფლავები (ტაძარი ორბელიანების საგვარეულო საძვალე იყო).
სოფელში ფუნქციონირებს მეფრინველეობის ფ-კა შპს „კუმისი XXI“.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და რ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ., ტ. 2, თბ., 1959.