„კუმისი XXI“ (შპს), მეფრინველეობის ფაბრიკა. შეიქმნა 2005. მისი ძირითადი საქმიანობაა ქათმის კვერცხის წარმოება. მდებარეობს სოფ. კუმისში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), განლაგებულია 12 ჰა-ზე. თავდაპირველად საწარმო დაკავებული იყო როგორც ქათმის კვერცხის, ისე ხორცის წარმოებით და შედგებოდა 2 კომპლექსისგან. პირველი კომპლექსი განკუთვნილი იყო კვერცხისმდებელი ფრინველისათვის, ხოლო მეორე კომპლექსში (დაიხურა 2013) განთავსებული იყო სახორცე (ბროილერის) ჯიშის ქათმის გამოსაზრდელი საფრინველეები. ამჟამად კომპლექსში განლაგებულია 9 საფრინველე – საწარმო კვერცხისმდებელი ფრინველისათვის – და 3 საფრინველე წიწილების გამოსაზრდელად, სადაც 1-დღიანი წიწილის გამოზრდა ხდება 15 კვირამდე. შემდეგ წიწილები გადაჰყავთ 9 საფრინველიდან ერთ-ერთში, სადაც 20 კვირის ასაკიდან იწყებენ კვერცხის დებას. თითოეული საფრინველე გათვალისწინებულია საშ. 28000 ფრთა ფრინველზე. მათი კვება და წყლით მომარაგება ხდება ავტომატურ რეჟიმში. ასევე ავტომატიზებულია საფრინველეში კლიმატის კონტროლი და კვერცხის აკრეფა. დანადგარები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
ქათმის საკვებად ძირითადად გამოიყენება ადგილ. წარმოების მარცვლეული: სიმინდი, ხორბალი, ქერი, ქატო, მზესუმზირისა და სოიოს შროტი, ვიტამინებისა და მინერალების ნაკრები და სხვ. საკვების გარკვეული რაოდენობა შემოდის სხვა ქვეყნებიდანაც.
საწარმოს გააჩნია საამქრო, სადაც სხვადასხვა კომპონენტებისაგან მზადდება კომბინირებული საკვები, რ-იც შემდეგ მიეწოდება შესაბამის საფრინველეებს. თანამედროვე უცხ. დანადგარები უზრუნველყოფს საამქროს მიერ ხარისხიანი კომბინირებული საკვების დამზადებას. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში ხდება როგორც ცალკეული კომპონენტების, ასევე კომბინირებული საკვების, მზა პროდუქციის (კვერცხი) სრული ლაბორ. შემოწმება. ამჟამად შესაძლებელია 14 სახის ანალიზის ჩატარება. 2011 „კ. XXI-მა“ მიიღო ევრ. ხარისხის ორგანიზაციის „ხარისხის ნიშნის“ სერთიფიკატი. მისი პროდუქცია შეტანილია „The Best Quality of Georgia“-ს კატალოგში, როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი. საწარმო 2016-იდან ფლობს ISO 22000 კატეგორიის სერტიფიკატს, რ-იც ადასტურებს მენეჯმენტის გამართულ მუშაობას და წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმების მკაცრ დაცულობას. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ფაბრიკის საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით.