კუმისის ტბა, ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, იაღლუჯის ქედსა და და წალასყურის ვაკეს შორის არსებულ კუმისის ტაფობში, სოფ. კუმისის სამხრ.-აღმ-ით, ზ. დ. 475 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართ. – 4,5 კმ2, აუზისა – 97 კმ2 დას-იდან აღმ-კენ გადაჭიმულია 3,2 კმ-ზე, ჩრდ-იდან სამხრ-კენ – 2 კმ-ზე. მაქს. სიღრმე – 4 მ. სანაპირო დაფარულია იელითა და ლელქაშით.
XX ს. 60-იან წლებში კ. ტ-ის ფართობი იყო 0,48 კმ2, ტბის წყალი – მარილიანი. შეიცავდა ძირითადად გლაუბერის მარილს (მირაბილიტს). 80-იან წლებში აქ განხორციელდა მასშტაბური პროექტი: ტბაში ჩაუშვეს ორი არხის წყალი. ერთით წყალს მდ. მტკვრიდან ტურბინებით ქაჩავდნენ, მეორე კი მდ. ალგეთიდან თვითდინებით ეშვებოდა. ამით ტბის წყალი გაამტკნარეს და შემდეგ მოაშენეს სხვადასხვა სახეობის თევზი: სქელშუბლა, კეფალი, საზანი, ხრამული, წვერა, ლოქო, სარკისებრი კობრი და სხვ.
კ. ტ-ის ფსკერი ფსევდოვულკ. წარმოშობის მაღალხარისხოვანი სამკურნალო თვისებების მქონე სულფიდური ლამის ტალახითაა დაფარული, რ-ის სისქე ზოგან რამდენიმე ათეული სანტიმეტრია. კუმისის ტალახი წარმატებით გამოიყენება თბილ. ბალნეოლ. კურორტზე და ქვეყნის მრავალ სამედ. დაწესებულებაში.
ლიტ.: საქართველოს ბუნებრივი რესურსები, ტ. 2, თბ., 2015.