კუმურდოს საეპისკოპოსო

კუმურდოს საეპისკოპოსო, ისტორიული ჯავახეთის უმთავრესი ეპარქია. ლეონტი მროველის მიხედვით, IV ს-ში მირიან მეფის თხოვნით, იმპ. კონსტანტინეს მიერ გამოგზავნილმა მოციქულმა და იოანე ეპისკოპოსმა კონსტანტინოპოლიდან საქართველოში წამოიყვანეს კალატოზები და წამოიღეს საგანძური ეკლესიების ასაშენებლად. ერუშეთის (არტაანი) გამოვლით, ისინი წუნდას მოსულან. ეს ქალაქი იყო მაშინდელი ჯავახეთის ცენტრი, სადაც დაუწყიათ ეკლესიის მშენებლობა. წუნდის ეკლესიის შემკობასა და მშენებლობას დაეხმარა მირიანის შვილიშვილი – მირდატ ბაქარის ძე. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ გორგასალს ჯავახეთში ეპისკოპოსი დაუსვამს წუნდას. სავარაუდოდ, ამ ცნობების მიხედვით, წუნდის ეკლესიაში იგულისხმება კუმურდოს უძველესი ნაგებობა, რ-იც წუნდის სიახლოვეს მდებარეობდა. ამაზე პირდაპირ მიუთითებს ვახუშტი ბატონიშვილი: „ამ წუნას ზეით, Hრამის თავს, მინდორზედ, სამHრით კერძოდ, არს კუმურდოს ეკლესია, გუმბათიანი, ფრიად დიდ-შენი, მშვენიერად ნაშენი, რომელი აღაშენეს კოსტანტინეს მოგზავნილთა ჟამსა მირიანისასა. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი სრულიად ჯავახეთისა, ხერთვისს ზეითისა“. ამასვე ადასტურებს 506 წ. საეკლესიო კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა სია, რ-იც სომხურ წყაროებს შემოუნახავთ; იქ სხვათა გვერდით დასახელებულია „იოსებ ებისკოპოსი კუხორდოსი“, რაც კუმურდოს დამახინჯებული სახელწოდებაა.

კუმურდოს გუმბათიანი ტაძრის მშენებლობა დაუწყიათ 964 იოანე ეპისკოპოსის თაოსნობით. ამ ბრწყინვალე ტაძრის ნანგრევებმა მრავალი წარწერა შემოინახა, სადაც იხსენიებიან სხვა კუმურდოელი ეპისკოპოსებიც: გაბრიელი, ზოსიმე, ეფრემი, მეორე ზოსიმე (XVI ს-ში).

საქართველოს ერთიანობის ხანაში, დარბაზობის დროს, ქართველ მღვდელმთავართა შორის კუმურდოელი მე-8 ადგილზე იჯდა, რასაც მოწმობს XIII ს. ერთი საბუთი.

XVI ს. დასაწყისში სამხრ. საქართველოს ეპარქიების შესახებ მოიპოვება ცნობა, სადაც იკითხება: „კუმურდოელის სამწყსო: ხერთვისს ზეით სულ ჯავახეთი ხავეთამდე“. ხავეთი კარწახის ტბის მახლობელი სოფელია, რ-იც კ. ს-ს საზღვარი ყოფილა სამხრ-ით. ვარაუდობენ, რომ კუმურდოელის სამწყსოში ადრე შედიოდა მტკვრის კანიონის სოფლებიც, განსაკუთრებით წუნდის, როგორც ჯავახეთის ცენტრის არსებობის დროს. მოგვიანებით ეს სოფლები ვარძიელი წინამძღვრისა და ქართლის კათოლიკოსის გამხდარა, ამის გამო გერასიმე კუმურდოელი 1500–03 კათოლიკოსისადმი მიწერილ „წიგნში“ აღნიშნავდა: „ვარძიისა და მისისა შესავლისა დიაკონი არა ვაკურთხოთ და არცა მათსა სამწყსოსა დავეცილოთ... რაცა თქუენისა საყდრისა სახასო სამწყსო იყოს, მას ზედა Hელი არა შევივლინოთ“.

კ. ს-ს გააჩნდა თავისი მამულებიც ჯავახეთის სოფლებში. ამის პირველი დადასტურებაა არეშტის სტელის წარწერა, რ-ის მიხედვით ირკვევა, რომ 881–896 გურგენ კურაპალატის ძეს კუმურდოს საყდრისათვის შეუწირავს მის მახლობლად მდებარე სოფ. არეშტი. იქვე შემორჩენილია ნასოფლარი ბერთაყანა. სახელწოდების მიხედვით, ისიც კუმურდოს საეკლესიო მამული ჩანს, რასაც უნდა ადასტურებდეს იქაურ გამოქვაბულში არსებული XI ს. წარწერა ზოსიმე კუმურდოელის მოხსენიებით. სავარაუდოდ, კუმურდოს ტაძარს იმავე ნაპირზე სხვა მამულებიც ექნებოდა, კერძოდ – წუნდაში. ამის დამადასტურებელი საბუთი შეიძლება იყოს წუნდისა და კუმურდოს საეპისკოპოსოთა იგივეობა.

სამცხის ათაბაგთა მისწრაფება პოლიტ. დამოუკიდებლობისაკენ აისახა საათაბაგოს ეკლესიის გამოყოფისათვის ბრძოლაშიც. XV–XVI სს. ჯაყელთა პოლიტიკამ დიდი მარცხი განიცადა ქართლის კათოლიკოსთან ჭიდილში. ამ ბრძოლის კვალი კარგად ჩანს ჯავახეთის ეპისკოპოსთა ფიცის წიგნებში. ასეთებია იოანე ლასურის ძე კუმურდოელის (1453– 59), ქართლის კათოლიკოსისადმი გაგზავნილ გერასიმე კუმურდოელის (1500–03), ზოსიმე კუმურდოელის (1519–29) და ვარძიის წინამძღვრის (XVI ს. დასაწყ.) ერთგულების წიგნები, რ-ებშიც ისინი კათოლიკოსს მორჩილებას უცხადებენ და პირობას დებენ, რომ „უმცხეთოდ“ არაფერს მოიმოქმედებენ.

XVI ს. ბოლოდან ოსმალთა მიერ დაპყრობილ სამცხე-საათაბაგოში ქრისტ. მღვდელთმსახურება თანდათან ისპობა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII ს. შუა წლებში „უმეტესადრე მოოHრდებოდნენ ეკლესიანი... მოისპობოდნენ ეპისკოპოსნი, თუ სადმე იყო და მონაზონნი და მწყემსნი“. სავარაუდოდ, ამ დროს გაუქმდა კ. ს-ც.

წყარო: ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ., ტ. 1, თბ., 1955; ტ. 4, თბ., 1973., ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2–3, თბ., 1965–70; ცისკარიშვილი ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959.

ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1985; შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), თბ., 1961.

დ. ბერძენიშვილი