კუნტურის საყდარი (კუნტუსი, კუნტუზი, კუნძული), არქიტექტურული ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტში, სოფ. თეთრი წყლების აღმ-ით სამიოდე კმ-ზე. თავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესია მოზრდილია, აქვს დამატებითი სათავსები საკურთხევლის გვერდებზე. ჯვრის აღმ. მკლავი აფსიდიანია, დანარჩენი მკლავები – მართკუთხა. აფსიდის წინ მცირე სიღრმის ბემაა. დას. მკლავი ჩრდ. და სამხრ. მკლავებზე ოდნავ ღრმაა. ნაგებობაში განირჩევა ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი ფენა. თავდაპირველი ფენა, რ-იც შენობის აღნაგობიდან, ზომებიდან და ცალკეული ნიშნებიდან გამომდინარეობს, XI ს. უკავშირდება. მომდევნო საუკუნეებში ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. როგორც ჩანს, XVI ს-ში მისი აღდგენა დაიწყეს, მაგრამ არ დაასრულეს (კედლების შენება ერთ სიმაღლეზეა შეწყვეტილი). ეკლესიის განახლების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ჩრდ.-აღმ. სათავსის კარის 1587 წლით დათარიღებული წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესია აღადგინა კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ და ნათლისმცემლის სახელზე აკურთხეს. თავდაპირველი სამშენებლო მასალა შემორჩენილია საკურთხევლის ჩრდ-ით მდებარე ფენაში, მართკუთხა სათავსში (სამკვეთლო). სავარაუდოა, რომ ტაძრის დანარჩენი ნაწილის გეგმაც თავდაპირველია. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დას-ით, სამხრ-ით და ჩრდ-ით. საკურთხევლის აფსიდი ოდნავ ნალისებრია. აფსიდის ცენტრში გაჭრილია მაღალი, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი. თითო თაღოვანი სარკმელი ჯვრის დანარჩენ მკვლავებშიცაა. ტაძრის ოთხივე მკლავის კედლები საკურთხევლის კონქის ქუსლის დონეზეა შემორჩენილი. საკურთხევლის გვერდებზე მდებარე ორივე სათავსის აფსიდები ნახევარწრიული მოხაზულობისაა. გარედან, ეკლესიის წყობაში შეიმჩნევა სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენები, რ-ებიც როგორც საშენი მასალით, ისე წყობის ხასიათითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1II თბ., 2015.
თ. გერსამია